საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან ლიბიაში ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. როგორც სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ლიბიიდან გამოძიების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გარდა ამისა, რაზმაძის გარდაცვალების გარემოებების დადგენის მიზნით მუშაობას აწარმოებს საქართველოს შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მათ ხელთ აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც სხეულის ხრწნის გამო ვერ მოხერხდა 23 წლის მეზღვაურის სიკვდილის დროის განსაზღვრა. საქმე ისაა, რომ ქართულ მხარეს ცხედარი რამდენიმეთვიანი დაგვიანებით გადასცეს. ამასთან, დასკვნაში ვერც ის დგინდება, გარდაცვალების დრო ემთხვევა თუ არა პოლიციაში შესულ შეტყობინებას.
„რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის ფრაგმენტის თანახმად, სიკვდილის მიზეზად დახრჩობაა დასახელებული. ცხედარს სახესა და შუბლზე მყარი საგნით მიყენებული დაზიანებებიც აღენიშნება.
ცხედარზე აღმოაჩინეს ჭრილობა წარბის ზემოთ, დაახლოებით 4 სმ-ში. თოკით შეკვრას მიიჩნევენ მაჯების დაზიანებების მიზეზად: ერთ მაჯაზე ძლიერად იყო მოჭერილი, მეორეზე - ცოტათი მოშვებული, რაც განზრახ ქმედებას არ გამორიცხავს.
„რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის ავთენტურობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არც უარყოფენ და არ გვიდასტურებენ.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტი ლიბიის ტერიტორიაზე მოხდა - საგამოძიებო მოქმედებები წარიმართა ადგილობრივი კანონმდებლობისა და საგამოძიებო სპეციფიკის შესაბამისად.
ლიბიის სამართალდამცავმა უწყებებმა საჭიროდ მიიჩნიეს გარდაცვლილის ცხედრის ადგილზე დეტალურად გამოკვლევა, ასევე რამდენიმეჯერ გამოიკითხნენ ეკიპაჟის წევრები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.
სწორედ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ გასცა თანხმობა ლიბიის პროკურატურამ ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე, რის შემდეგაც, საგარეო უწყების ცნობით, „ეგვიპტეში საქართველოს საელჩომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში უზრუნველყო ცხედრის გადმოსვენებისათვის საჭირო პროცედურების (სამედიცინო, საორგანიზაციო ხასიათის, ტრანსპორტირება და ა.შ.) ჩატარება.
გასათვალისწინებელია, რომ ლიბიაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ფონზე, ლიბიის სახელმწიფო ინსტიტუტები შეფერხებით მუშაობენ, რაც, თავის მხრივ, სირთულეებს უქმნიდა გამოძიების პროცესს“.
23 წლის ქართველი მეზღვაური ლიბიაში ნაოსნობისას 6 იანვრის შემდეგ გაუჩინარდა, 21 იანვარს კი ის სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ვარაუდით, დავით რაზმაძე მოკლულია.
დავით რაზმაძის ცხედარი საქართველოში 5 მარტს ჩამოასვენეს. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ ის გორში დაკრძალეს.
ექსპერტიზის შედეგების შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბარი არ ისურვეს ბათუმში მცხოვრებმა მისმა ნათესავებმა. კომენტარზე უარი გვითხრა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. დაკავშირება ვერ მოვახერხეთ დავით რაზმაძის დედასთან, რომელიც თურქეთში ცხოვრებს.