Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საძაგლიშვილი: თეორიულად შესაძლებელია გირაოს გადაუხდელობის გამო ნიკა გვარამიას დაკავება მოითხოვონ


სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ნიკა გვარამიასთვის 40 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კითხვაზე, ხომ არ ელოდება, რომ პროკურატურამ ნიკა გვარამიას დაკავება მოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუკი ის გირაოს დადგენილ ვადაში არ გადაიხდის, დიმიტრი საძაგლიშვილმა უპასუხა, რომ ნიკა გვარამიას პოზიცია უცვლელია. ის გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ვინაიად ეს კანონიერ მოთხოვნად არ მიაჩნია, თუმცა ითანამშრომლებს საგამოძიებო ორგანოებთან.

„არა, რა თქმა უნდა, აზრი არ არის შეცვლილი, არც დღეს, არც ხვალ და არც იმ 30 დღეში არ შეიცვლება. ნიკა გვარამიას აქვს ძალიან მკაფიო და უცვლელი პოზიცია. ნიკა გვარამია ითანამშრომლებს გამოძიებასთან, ნებისმიერ დაძახებაზე ნებისმიერ ორგანოში გამოცხადდება, ნებისმიერ კითხვაზე გასცემს პასუხს, ოღონდ არ შეასრულებს აღკვეთის ღონისძიების პირობას, ანუ, არ გადაიხდის გირაოს, რადგან ფიზიკურად გირაო არის უკანონო მის მიმართ. თეორიულად შესაძლებელია, რომ პროკურატურამ ერთი თვის გასვლის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვოს, ეს თავად პროკურატურაზეა დამოკიდებული. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვნახოთ. ფაქტია, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ისინი არაორდინალურ გადაწყვეტილებებს იღებენ, ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ ემყარება საქმის შესწავლას და ჯერ გადაწყვეტილებას იღებენ და შემდეგ დასაბუთებას ეძებენ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რას მოიმოქმედებს პროკურატურა. ფაქტია, რომ ისინი საქმის მდგომარეობიდან გამომდინარე არ მოქმედებენ, არამედ ისინი მოქმედებენ მათზე გაცემული დავალებების შესაბამისად. პროკურატურაში მხოლოდ და მხოლოდ დავალების შესრულებით არიან დაკავებული“,-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

72 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა წარმოებაში სააპელაციო სასამართლო სარჩელს.

10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. გენერალური პროკურატურა გვარამიასთვის 80 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას 9 აგვისტოს წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნიკა გვარამია ბრალის წაყენებას მიიჩნევს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG