Accessibility links

სვანეთში პროტესტი დროებით შეჩერდა: უშგულში თალაკვაძეს ელოდებიან


აქციის მონაწილეებმა მიიღეს დაპირება, რომ პრობლემების გასაცნობად უშგულს ეწვევა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, - უთხრა რადიო თავისუფლებას მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

შესაბამისად, 13 აგვისტოს აღარ განახლებულა აქცია, რომელიც უშგულში 12 აგვისტოს გაიმართა და მოსახლეობამ გზაც გადაკეტა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისტორიული კოშკების რესტავრაციას უკავშირდებოდა.

„პარლამენტის თავმჯდომარე სვანეთში თვის ბოლო რიცხვებში ამოვა. შეთანხმება უკვე მიღწეულია. სვანეთში 400-მდე კოშკია, მათ შორის 150-მდე კოშკს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესია... როგორც პრემიერმა განაცხადა, სახელმწიფოს 1,5 მილიონი ლარი სვანური ძეგლებისა და კოშკების შესწავლაზე აქვს გამოყოფილი და კიდევ 10 მილიონი ლარი 5-წლიან პროგრამაზე, რომელიც ყველა კოშკის აღდგენა-რესტავრაციას გულისხმობს.

უშგულის მოსახლეობა ახლა მხოლოდ კოშკების აღდგენა-გადახურვას არ ითხოვს, ითხოვენ გზასაც და ასევე, 1987 წელს ზვავით დაზარალებულ სოფელ მურყვნელში საცხოვრებელი პირობების აღდგენა-შენარჩუნებას, რათა ეკომიგრანტები უდაბნოდან და ჯანდარიდან ისევ დაუბრუნდნენ თავიანთ მხარეს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ზუსტად არ იცის, ვინ უნდა ავიდეს თბილისიდან უშგულში, მაგრამ როგორც ადგილობრივმა მკვიდრმა, 12 აგვისტოს აქციის მონაწილემ, ლევან ჩარკვიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მიიღეს დაპირება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, კომპეტენტური პირები დაინტერესდებიან ხალხის პრობლემებით.

ჩარკვიანი ამბობს, რომ ლოდინის ვადა კვირას, 18 აგვისტოს ამოიწურება.

„თბილისიდან ველოდებით წარმომადგენლებს, რომლებიც კონკრეტულ პასუხებს გაგვცემს კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით. ჩვენ დრო მივეცით 5 სამუშაო დღე, ანუ მომავალ კვირა დღემდე. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ უკვე გრძელვადიანი აქციის გამართვაზე ვიფიქრებთ.

კოშკები საშინელ დღეშია. ერთი ახლო წარსულში მთლიანად დაინგრა, დანარჩენებს სახურავები აქვთ ჩანგრეული და თუ დროზე არ ვუშველეთ, ისინიც მალე დაინგრევა... რისი რეაბილიტაციაც მოხდა, ისიც უხარისხოდ მოხდა და ნგრევა გაგრძელდა. რახან ამოსვლას აპირებენ თბილისიდან, პირველ ეტაპზე, მაქსიმალურად ვცდილობთ სიმშვიდის შენარჩუნებას“, - ამბობს ჩარკვიანი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე აცხადებს, რომ სვანური კოშკების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს და აქციებით ეს პროცესი ვერ დაჩქარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG