Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფამ „დინამო თბილისის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა


საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრაში როტერდამის „ფეიენოორდს“ ცარიელი ტრიბუნებით დაუხვდება. უეფამ გუნდი რამდენიმე დღის წინ დასაჯა, რაც „დინამო თბილისმა“ სწრაფადვე გააპროტესტა, მაგრამ... ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის სადისციპლინო კომიტეტმა პირვანდელი გადაწყვეტილება არ შეცვალა.

მკაცრი სანქციის მიზეზი მეორე საკვალიფიკაციო მატჩისას ქართველი გულშემატკივრის მიერ გამოფენილი ბანერი გახდა, რომელიც უეფამ ფაშისტურ სიმბოლოდ მიიჩნია, რადგან ბანერზე რიცხვი 88 ეწერა. „დინამო თბილისმა“ ბანერის ახლო კადრი გაავრცელა, რომელზეც, სინამდვილეში, 1988 წერია, რაც გულშემატკივართა ჯგუფის დაარსების თარიღია. ციფრები ერთი და ცხრა პატარა შრიფტითაა დაბეჭდილი და რვიანებშია ჩასმული. სამწუხაროდ, უეფამ კლუბის დასაბუთებული პროტესტი არ გაითვალისწინა.

„დინამო თბილისისა“ და „ფეიენოორდის“ საპასუხო მატჩი „დინამო არენაზე“ 15 აგვისტოს გაიმართება. პირველი შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელებმა გასულ კვირას ჰოლანდიაში 0:4 წააგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG