Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუგუტიანთკარი: ელჩები საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე ლაპარაკობენ  


კაი კარელსონი - ესტონეთის ელჩი საქართველოში
კაი კარელსონი - ესტონეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 16 აგვისტოს ჩავიდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები განაგრძობენ უკანონო საზღვრის გავლებას.

საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ ავსტრიის, ესტონეთის, ლატვიის, უკრაინის, ბულგარეთის ისრაელის, ბრაზილიისა და იაპონიის ელჩები. დიპლომატები სოფელ გუგუტიანთკარში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდნენ.

ესტონეთის ელჩის, კაი კარელსონის თქმით, ადგილზე მათ დახვდათ მცოცავი ანექსიის შემაშფოთებელი სურათი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

„ესტონეთი საერთაშორისო სამართლის, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ცხადია, ღრმად შემაშფოთებელია ის, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ და არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც მცოცავ ანექსიას ნიშნავს, არამედ ჰუმანიტარული განზომილებითაც“.

შეკითხვაზე - რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ მოცემულ სიტუაციაში, ელჩი კარელსონი პასუხობს, რომ ამ მხრივ ქმედითი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობა.

„ჩემთვის ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ დახმარება შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას, საყოველთაო ყურადღებას“, - განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

საქართველოში იაპონიის ელჩის, ტადაჰარუ უეჰარას თქმით, დაუშვებელია საქართველოს საზღვრების ხელყოფა და ადამიანების უფლებების დარღვევა, რაც ამჟამად ხდება.

"მართლაც სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ აღმოჩნდნენ ადგილობრივ მცხოვრებთა ოჯახები სხვადასხვა მხარეს ახალი ბარიერების აღმართვის გამო. შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით. იაპონია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. იმედი მაქვს, რომ ეს გაურესებული მდგომარეობა უმოკლეს ხანში გამოსწორდება. ოჯახების გახლეჩვა მართლაც რომ სერიოზული პრობლემაა და მე სრულიად მესმის და თანავუგრძნობ იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს განცალკევება შეეხოთ“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა საოკუპაციო ხაზთან ყოფნისას.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 7 აგვისტოდან გაჰყავთ ე.წ. საზღვარი. ათზე მეტ ძელზე უკვე აღმართულია ე.წ. სასაზღვრო ღობე.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის განაპირას მდებარე ორი სახლი და მიწის ნაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დანგრეული სახლები გუგუტიშვილების და რაზმაძეების საკუთრებაა. 15 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ოჯახები გააფრთხილეს, რომ თუ სახლებში რამე დარჩენილი აქვთ, გასატანად სამი დღე აქვთ.

ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სარწყავი ნაგებობაც, რომელიც წყლით ამარაგებს გუგუტიანთკარს და ახლომდებარე სოფლებს.

XS
SM
MD
LG