სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ინტერმედია პლუსის“ ერთ-ერთ მეწილე კახა ანჯაფარიძესთან ერთად შპს „მთავარი არხი“ დაარეგისტრირა.
სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გვარამია კომპანიის 51%-იანი წილის მესაკუთრეა, ანჯაფარიძე კი 49%-ის. კახა ანჯაფარიძე 2008 წლის მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობიდან“ იკავებდა.
ნიკა გვარამია შპს „მთავარი არხი“-ს გენერალური დირექტორიც გახდა. კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა, ხოლო დირექტორები არიან: „რუსთავი 2“-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი.
როგორც დიმიტრი საძაგლიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, კომპანია მოქმედებას შემჭიდროებულ ვადაში აპირებს, თუმცა მან არ დააზუსტა, მაუწყებლობის ავტორიზაციის გავლის მოთხოვნით, როდის მიმართავენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
ნიკა გვარამია კომპანიის დარეგისტრირებას Facebook-ზე გამოეხმაურა: „მაშ ასე, ტელეკომპანია „მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა-მორჩილი.
წილების ეს კომპოზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.
მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ“.
10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.