Accessibility links

„Fast and Furious 9“-ის გადაღებების გამო 18 აგვისტოდან რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება


ავტოშოუ მეტეხის ხიდზე

18 აგვისტოდან, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანია „UNIVERSAL PICTURES“-ის ცნობილი ფილმის, „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“.

შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი:

  • ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;
  • თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით;

ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის“, - აცხადებენ შსს-ში.

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, გადაღებების ადგილების გარდა, სხვა დეტალური ინფორმაცია გასაიდუმლოებულია თავად გადამღები ჯგუფის მიერ:

„ცნობილია, რომ გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება და მათ შორის 425 ადგილობრივია. ამ ეტაპზე მკაცრად არის გასაიდუმლოებული, რომელი ცნობილი მსახიობები ჩამოვლენ საქართველოში. ეს არის ფილმი, რომელსაც უყურებს მთელი მსოფლიო და ამ ფილმში მთელი მსოფლიო დაინახავს საქართველოს, თბილისს. იმ ძალიან მძაფრსიუჟეტიან კადრებს, რომელსაც გადაიღებენ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ტურისტულად ცნობილ ქუჩებზე5 როგორებიცაა, რუსთაველის ქუჩა, თავისუფლების მოედანი და ვაჟა-ფშაველა. შესაბამისად, ქვეყნისთვის ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ყველაზე დიდი მიღწევა არის, რომ ფილმში იდენტიფიცირებული იქნება საქართველო და თბილისი“.

„Fast and Furious 9“ ეკრანებზე 2020 წლის 20 მაისს გამოვა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ვინ დიზელი და მიშელ როდრიგესი.

ფილმის პირველი ეპიზოდი ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG