Accessibility links

მურატ ჯიოევი: საქართველოს რვა მოქალაქე საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს


„საქართველოს რვა მოქალაქე მესაზღვრეებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში დასახლებულ პუნქტ აძესარში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს“, - ამის შესახებ წერს ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევის განცხადებაზე დაყრდნობით.

„სოფელ აძესარის ეკლესიასთან დაკავებულია რვა ადამიანი, რომლებიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებულთა პირად ნივთებში აღმოჩენილია მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერება“ - აცხადებს ჯიოევი.

სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ორგანოების მიერ მიმდინარეობს დაკავებულთა ვინაობის დადგენა.

მურატ ჯიოევის განცხადებით, დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება დაკავებულთა მიმართ შემდგომი ზომების შესახებ.

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს, საოკუპაციო ხაზთან, სოფლების - აძვისა და ახალუბნის სიახლოვეს, რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს საქართველოს შვიდი მოქალაქე.

18 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი, მერვე დაკავებულის შესახებ, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღრომის ხეობაში დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG