Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიბრალტარმა ახსნა, რატომ არ გაითვალისწინა აშშ-ის ორდერი ირანის სუპერტანკერის დასაკავებლად


გიბრალტარმა ახსნა, რატომ არ მიიღო აშშ-ის ორდერი ირანის სუპერტანკერ Grace 1-ის დასაკავებლად. დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-ის სასამართლო ორდერი უგულებელყვეს, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოქმედ ნორმებს. განცხადების თანახმად, „ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები, რომლებითაც ხელმძღვანელობს გიბრალტარი, უფრო ვიწროა, ვიდრე აშშ-ის სანქციები“. აშშ-მა ირანიდან ნავთობის ექსპორტზე სრული ემბარგო დააწესა, ევროკავშირს კი ასეთი ემბარგო არ დაუწესებია.

გიბრალტარის ოფიციალურმა პირებმა 18 აგვისტოს უკუაგდეს აშშ-ის განმეორებითი მოთხოვნა, არ გაათავისუფლონ რამდენიმე კვირის წინ დაკავებული Grace 1. დაკავების მომენტში ტანკერი პანამის დროშიც ცურავდა, მაგრამ ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იგი ამჟამად ირანის დროშითაა რეგისტრირებული და მას აქვს ახალი სახელი - Adrian Darya. გავრცელებული ცნობებით, ტანკერი მზადაა გიბრალტარის დატოვებისთვის.

Grace 1 დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ქვეითებმა დააკავეს 4 ივლისს, როცა ის ხმელთაშუა ზღვაში შედიოდა. როგორც იტყობინებიან, გემზე 2 მილიონ ბარელზე მეტი ირანული ნავთობი იმყოფება. შიშობენ, რომ ნავთობი განკუთვნილია სირიისთვის, რაც არღვევს ევროკავშირის სანქციებს.

მას შემდეგ, რაც გიბრალტარმა სუპერტანკერს შეუწყვიტა ხუთკვირიანი პატიმრობა და მას პორტის დატოვების უფლება მისცა, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 15 აგვისტოს გასცა ორდერი, რომელშიც ნათქვამია, რომ გემს კავშირი აქვს ირანის რევოლუციურ გვარდიასთან, რომელიც აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება.

XS
SM
MD
LG