Accessibility links

ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსში უნებართვო სამშენებლო ქმედება გამოავლინეს


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო იტყობინება, რომ ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე გამოვლინდა უნებართვო ქმედება. საქმე ეხება სათავსოს, რომელიც თანამედროვე მასალითაა აგებული და დამონტაჟებული ინტერიერში.

სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ: „სამოქალაქო პირების შეტყობინების საფუძველზე სოფელ ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე მორიგი უნებართვო ქმედება გამოვლინდა. საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული. მოწოდებული ფოტომასალაზე სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარესთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს“, - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, სოფელ უნებართვოდ განხორციელებული სამუშაოების შედეგების სამართლებრივი შეფასებისა და აღკვეთის უზრუნველსაყოფად 20 აგვისტოს ტიმოთესუბანში გაემგზავრება ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი.

მათივე ინფორმაციით, ქმედების შესახებ ადგილობრივ ეპარქიას და საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თქმით, ის უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG