Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოპოვებულია უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მონაწილეობის ახალი მტკიცებულებები


უკრაინის არმიის სამხედრო ილოვაისკთან. 2014 წლის აგვისტო
უკრაინის არმიის სამხედრო ილოვაისკთან. 2014 წლის აგვისტო

ლონდონში რეგისტრირებულმა კვლევითმა ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ 2014 წლის აგვისტოში, დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკთან უკრაინის არმიის წინააღმდეგ რუსი სამხედროები იბრძოდნენ.

მკვლევართა ჯგუფმა Forensic Architecture-მა მოიპოვა თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების კოლონები და ტანკი Т-72Б3, რომელიც მხოლოდ რუსეთის არმიას აქვს.

მკვლევართა მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალის თანახმად, 2014 წლის 3 სექტემბერს, როცა ილოვაისკთან საბრძოლო მოქმედებები დასრულდა, რუსული სამხედრო ტრანსპორტის კოლონა ამ ქალაქიდან ათ კილომეტრში იმყოფებოდა.

უკრაინის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში რუსების მონაწილეობის მტკიცებულებები ღია წყაროებით შეგროვდა ადამიანის უფლებების ევროპული ცენტრის და სამართლებრივი კონსულტაციის უკრაინული ჯგუფის დაკვეთით.

გამოძიებისას გამოყენებული იყო ვიდეომასალების ავტომატური ანალიზის კომპიუტერული პროგრამები, Google Earth-ის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები და მედიასაშუალებების მასალები. გაანალიზდა საბრძოლო მოქმედებების დროს ჩაწერილი და YouTube-ით გავრცელებული ვიდეოკადრები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა 2500 საათია.

Forensic Architecture-ის სპეციალისტებმა მოიძიეს იმის მტკიცებულებები, რომ ქალაქების ილოვაისკის და ლუგანსკის მახლობლად იმყოფებოდა დაახლოებით 300 ერთეული რუსული ტექნიკა.

კვლევითი ჯგუფის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

2014 წლის აგვისტო-სექტემბერში, უკრაინის არმიის უპირატესობის მიუხედავად, სეპარატისტებმა ილოვაისკთან შეძლეს მისი დამარცხება და უკრაინელი სამხედროები ალყაში მოაქციეს. მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ დონბასელმა სეპარატისტებმა ეს რუსი სამხედროების მხარდაჭერით შეძლეს. რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას დღემდე უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG