Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილიდან "კურიერი" ეთერში არ გასულა


დღეს დილიდან ეთერში არ გასულა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერი.“

9 და 10 საათიანი გამოშვებების ნაცვლად მაყურებელს სერიალები უჩვენეს.

20 აგვისტოს ღამის შემდეგ ტელეკომპანიის ვებსაიტზე არც ახალი ამბები განახლებულა.

ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი, გავა თუ არა ეთერში "კურიერის" 12-საათიანი და მომდევნო გამოშვებები.

როგორც რადიო თავისუფლებას "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი თანამშრომელი ეუბნება, საინფორმაციო გამოშვების ეთერში არგასვლის მიზეზად ის სახელდება, რომ ჟურნალისტებს არ აქვთ სიტყვის თავისუფლების გარანტია.

20 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიიდან დაითხოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი და ტელეწამყვანები ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი.

საკუთარი სურვილით ტელეკომპანია დატოვეს საღამოს ცხრასაათიანი "კურიერის" წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათ განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთეს, რის შემდეგაც საინფორმაციო პროგრამა შეწყდა.

„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“ - ასე გამოეხმაურა მომხდარს "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში.

XS
SM
MD
LG