Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა დანიაში ვიზიტი გადადო გრენლანდიის გაყიდვაზე უარის გამო


გრენლანდია
გრენლანდია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დანიაში ოფიციალური ვიზიტი გადადო. ტრამპმა მიზეზად ის დაასახელა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა აშშ-ის მიერ გრენლანდიის შეძენის საკთხის განხილვაზე.

„დანია მართლაც მშვენიერი ქვეყანაა შესანიშნავი ადამიანებით, მაგრამ პრემიერ-მინისტრის მეტე ფრედერიკსენის განცხადების გამო, რომ არ სურს გრენლანდიის გაყიდვის საკითხის განხილვა, ორი კვირის შემდეგ დაგეგმილ ჩვენს შეხვედრას სხვა დროისთვის გადავიტან“ - დაწერა ტვიტერზე დონალდ ტრამპმა.

დანიაში აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 2 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო.

გასულ კვირაში რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეძენა სურს მისი დიდი ბუნებრივი რესურსების და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი მდებარეობის გამო.

დანიელი პოლიტიკოსების უმრავლესობამ ეს ინფორმაცია ხუმრობად აღიქვა, თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ასეთი ინტერესი აქვს.

დანიის ავტონომიურ ოლქში - გრენლანდიაში 56 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. აქ მდებარეობს ამერიკული სამხედრო-საჰაერო ბაზა.

აშშ-ს გრენლანდიის შეძენის იდეა პირველად გაუჩნდა 1867 წელს, როცა რუსეთისგან ალიასკა იყიდა. 1946 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა დანიას გრენლანდიისთვის 100 მილიონი დოლარი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG