Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნას და სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენებას.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც, შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები" - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ლაურა ღაჭავას ბრალს ოფიციალურად 14 საათზე წარუდგენენ. ღაჭავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას დედაა.

ლაურა ღაჭავა 54-ე პირია, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

ამ უწყებამ პირველად 13 აგვისტოს განაცხადა, რომ „დაწყებულია გამოძიება 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ და გახსნილი და მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.“

21 აგვისტოს მდგომარეობით, ამ საქმის ფარგლებში დაკავებულია 38 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG