Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში არ გავიდა 12 -საათიანი საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“. ეთერში მხატვრული ფილმი გადაიცა.

რადიო თავისუფლებას ინფორმირებული წყარო ეუბნება, რომ ტელეკომპანიის მენეჯმენტი ჟურნალისტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ „კურიერი“ ეთერში 15:00 საათზე გავიდეს, თუმცა ჟურნალისტები ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და დიდი ალბათობით, არც ეს გამოშვება გავა ეთერში. გადამღები ჯგუფები არ გასულან სამუშაოდ. წყაროს ცნობით, არც ერთი ჟურნალისტი არ თანხმდება წაუძღვეს საინფორმაციო გამოშვებას.

როგორც რადიო თავისუფლებას "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი თანამშრომელი ეუბნება, საინფორმაციო გამოშვების ეთერში არგასვლის მიზეზად ის სახელდება, რომ ჟურნალისტებს არ აქვთ სიტყვის თავისუფლების გარანტია.

დღეს დილიდან ეთერში არ გასულა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერი.“

9 და 10 საათიანი გამოშვებების ნაცვლად მაყურებელს სერიალები უჩვენეს.

20 აგვისტოს ღამის შემდეგ ტელეკომპანიის ვებსაიტზე არც ახალი ამბები განახლებულა.

20 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიიდან დაითხოვა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი და ტელეწამყვანები ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი.

საკუთარი სურვილით ტელეკომპანია დატოვეს საღამოს ცხრასაათიანი "კურიერის" წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათ განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთეს, რის შემდეგაც საინფორმაციო პროგრამა შეწყდა.

„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“ - ასე გამოეხმაურა მომხდარს "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG