Accessibility links

თბილისის ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტს ბრიტანული კომპანია მოამზადებს


ვაკის პარკი

თბილისის მერის ინფორმაციით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებლად გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის პროცესი დასრულდა და მასში გაიმარჯვა ბრიტანულმა კომპანიამ Chris Blandford Associates-მა.

„ამ კომპანიას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება მსოფლიოში რთული, მნიშვნელოვანი ძეგლებისა და საერთაშორისო, ღირსშესანიშნავი ადგილების, მათ შორის ისტორიული ლანდშაფტებისა და ტურისტული ობიექტების კვლევაში, გენერალური გეგმების შექმნაში, რეაბილიტაციის პროექტებსა და სტრატეგიების შემუშავებაში. მათ გამოცდილებაში არის არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მაგალითად, სინგაპურის ბოტანიკური ბაღები, სტოუნჰენჯის მსოფლიო მემკვიდრეობის აღდგენის პროექტი, პადუას ბოტანიკური ბაღები და ასე შემდეგ“ - განაცხადა კახა კალაძემ 21 აგვისტოს, თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მერის ინფორმაციით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარდება ისტორიული, სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რომელსაც პარკის ფუნქციური ზონირება დაეყრდნობა.

კალაძის განმარტებით, მოხდება პარკში არსებული მწვანე საფარის ინვენტარიზაცია და ახალი დენდროლოგიური პროექტი შემუშავდება. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ვაკის პარკს ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება. კახა კალაძის განცხადებითვე, პროექტის განხორციელებისას მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი საზოგადოების ჩართულობა.

თბილისის მერის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს „ლოკომოტივის“ სტადიონიდან კუს ტბისკენ მიმავალი ფერდობის ზონირებასაც და ვაკის პარკთან მის ინტეგრაციას. ბრიტანული კომპანია რეაბილიტაციის პროექტს წლის ბოლოსთვის წარმოადგენს, განხორციელება კი მომავალი წლიდან დაიწყება.

ცალკე პროექტი მუშავდება ვაკის პარკში არსებული კასკადის რეაბილიტაციისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG