Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი მთავრობის ფორმირებაზე


იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა
იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ოთხშაბათს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს მართავს ახალი მთავრობის ფორმირებაზე. პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გუშინ გადადგა კოალიციურ მთავრობაში განხეთქილების გამო - მატეო სალვინის პარტია „ლიგასა“ და „ხუთი ვარსკვლავის“ მოძრაობას შორის.

სენატში გამოსვლისას კონტემ გააკრიტიკა ვიცე-პრემიერი და „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი იმისთვის, რომ მან, კონტეს თქმით, მოახდინა სამთავრობო კრიზისის პროვოცირება და საკუთარი პარტიის ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დააყენა.

სალვინი ფაქტობრივად განხეთქილების ინიციატორი გახდა, მას შემდეგ, რაც უკანასკნელ ხანებში ხშირად აკეთებდა განცხადებებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის აუცილებლობისა და მინისტრთა კაბინეტში უთანხმოების შესახებ.

კომენტატორთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ახალი მთავრობის შექმნა ვადამდელი არჩევნების გარეშე მოხერხდეს. ასეთ შემთხვევაში მემარჯვენე პოპულისტური „ლიგა“ ოპოზიციაში აღმოჩნდება, მინისტრთა კაბინეტი კი უფრო ცენტრისტული გახდება და უფრო ევროპულად იქნება ორიენტირებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე სალვინი მკაცრ პოლიტიკას ატარებს მიგრანტების მიმართ. იტალია საკუთარ პორტებში შესვლას უკრძალავს გემებს, რომლებიც ზღვაში ეხმარებიან არალეგალურ მიგრანტებს. იგი ცნობილია ასევე ვლადიმირ პუტინის პოლიტიკისადმი დადებითი დამოკიდებულებით.

იტალიის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს სალვინის ემისრისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების თაობაზე, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, საქმე ეხებოდა რუსეთის სტრუქტურების მიერ პარტია „ლიგის“ დაფინანსებას. სალვინი უარყოფს ამ ბრალდებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG