Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე დაბარებას ნიკა გვარამიას ახალ არხს არ უკავშირებს


ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა ადასტურებს ინფორმაციას, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შეხვდა და ესაუბრა ახალი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ მის კუთვნილ შენობაში შესაძლო განთავსების შესახებ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვერ შეთანხმდნენ.

„განაცხადი მქონდა მიცემული უძრავი ქონების სააგენტოებისთვის, რომ ობიექტებს ვყიდდი. ვინაიდან, ყველაფერზე ყადაღა დამიდეს და ძალიან დიდი სესხები მაქვს ბანკების, იძულებული ვიყავი, რომ რაღაც უძრავი ქონება გამეყიდა. მერე იყო შეხვედრა, რომელზეც ვერ შევთანხმდით ჩვენ და ნიკა გვარამია თანხაზე. იმან სხვა ობიექტი ნახა ალბათ, არ ვიცი, მე საქმის კურსში არ ვარ“, -განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

ის გამოკითხვაზე დაბარებას „მთავარ არხს“ არ უკავშირებს.

„მე ამ წუთას არ ვუკავშირებ და რომ გავეცნობი, მერე გამოვალ და გეტყვით“,-აცხადებს ლაურა ღაჭავა.

ღაჭავას თქმით, მას რამდენიმე ობიექტის გაყიდვა სურდა, მათ შორის ერთ-ერთი აეროპორტის გზატკეცილზე, მეორე კი დიღომში მდებარეობს. მისივე თქმით, მან ჭორის დონეზე შეიტყო რომ ნიკა გვარამიას „მთავარი არხი“ „ასტრა დიღომში“ განთავსდება.

„ასტრა პარკი“ ჩემი არ არის, ჩემი ობიექტი არის პატარა. მათ უნდოდათ 5000 კვადრატული, მე ჭორის დონეზე გავიგე, რომ „ასტრა დიღომს“ მიუბრუნდნენ“,- აცხადებს ბიზნესმენი.

ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს .ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. უწყებაში შესავლამდე ლაურა ღაჭავამ განაცახდა, რომ მას ფინანსური დოკუმენტაცია მოწესრიგებული აქვს, თუმცა მის დაბარებაში პოლიტიკურ მოტივსაც ვერ ხედავს.

„საფუძველი არ მაქვს ვთქვა, რომ ჩემი საგამოძიებო სამსახურში დაბარება პოლიტიკური მოტივით ხორციელდება. უნდა ჩამოვყალიბდე, საქმის მასალებს გავეცნობი, გამოვალ და ყველაფერს მოგახსენებთ, რა ბრალს მიყენებენ. რაც არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ვარ მართალი, მაქვს სუფთა დღგ-ები, აქტივი, რომელიც ბანკიდან მივიღე. შეძენილი მაქვს 2013 წლიდან და ახლა, ასე უცებ რა მოხდა, გავერკვევი და მოგახსენებთ“, - განაცხადა ღაჭავამ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ინტერმედია პლუსის“ ერთ-ერთ მეწილე კახა ანჯაფარიძესთან ერთად შპს „მთავარი არხი“ 17 აგვისტოს დაარეგისტრირა.

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გვარამია კომპანიის 51%-იანი წილის მესაკუთრეა, ანჯაფარიძე კი 49%-ის. კახა ანჯაფარიძე 2008 წლის მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობიდან“ იკავებდა.

ნიკა გვარამია შპს „მთავარი არხი“-ს გენერალური დირექტორიც გახდა. კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა, ხოლო დირექტორები არიან: „რუსთავი 2“-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი.

XS
SM
MD
LG