Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედია პლურალიზმი


„ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს შეკითხვას, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში განვითარებულ მოვლენებს და „კურიერის“ გუნდის მიერ ტელეკომპანიის დატოვებას ეხებოდა.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ რუსთავის 2-ის საქმეში ხელისუფლების ინტერესი იკვეთება, პრემიერი აცხადებს:

„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში უკვე ტრადიციად იქცა სრულიად დაუკავშირებელი გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაშიც იგივესთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

21 აგვისტოს რუსთავი 2-ზე არ გასულა არცერთი საინფორმაციო გამოშვება.

XS
SM
MD
LG