Accessibility links

„შაბათის შუადღის“ წამყვანებმა რუსთავი 2 დატოვეს


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთი გადაცემის, „შაბათის შუადღის“ წამყვანებმა ტელეკომპანია დატოვეს.

ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა განცხადება 22 აგვისტოს გაავრცელეს.

მათი თქმით, დღეს არსებული მედიარეალობის გათვალისწინებით, "ლიტერატურული შაბათის" წამყვანები შეუძლებლად მიიჩნევენ დარჩნენ ტელევიზიაში:

"სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც — ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას. ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება", - აღნიშნავენ გადაცემის წამყვანები.

21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG