Accessibility links

ახალი ამბები

ბათუმის საკრებულომ პროექტ „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ 17 ხმით დაამტკიცა პროექტ „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა.

ბათუმის კონცხად წოდებულ ზღვისპირა პირველ ზოლში 5 ცათამბჯენის მშენებლობას კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი შპს „რივიერა ბათუმი“ გეგმავს.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას აქტივისტების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ისინი პროექტის მხარდამჭერ დეპუტატებს ბათუმის ღალატში ადანაშაულებდნენ. საკრებულოს შენობაში მობილიზებული იყო დაცვის, ხოლო შენობის გარეთ საპატრულო პოლიცია.

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც "ბათუმი რივიერას" პროექტს ქალაქის ისტორიული ნაწილის ხელყოფად და ახალი ეკოლოგიური პრობლემების სათავედ მიიჩნევენ, საკრებულოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

ყველა ახალი ამბავი

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 60%-ის დათვლის შემდეგ ლიდერობს ოპოზიციური „კაჰოლ-ლავანი“

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 60%-ის დათვლის შემდეგ ლიდერობს ბენი განცის ოპოზიციური პარტია „კაჰოლ-ლავანი“. მაგრამ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს „ლიკუდთან“ სხვაობა მხოლოდ რამდენიმე მეათედ პროცენტს შეადგენს. უკანასკნელი მონაცემებით, „კაჰოლ ლავანს“ ხმების 25,76% აქვს, ლიკუდს კი - 25,10%. ეს იმას ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, ორივე პარტია თანაბარი რაოდენობის მანდატებს მოიპოვებს და ვერ მოახერხებს საპარლამენტო უმრავლესობის დამოუკიდებლად შექმნას.

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ნეტანიაჰუმ აპრილის არჩევნების შედეგად ვერ მოახერხა კოალიციის ფორმირება. „ლიკუდმა“ და „კაჰოლ-ლავანმა“, თითოეულმა 35-35 მანდატი მოიპოვა 120-ადგილიან კნესეტში, ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში.

ნეტანიაჰუს, ისრაელის ისტორიაში ყველაზე სტაჟიანი პრემიერ-მინისტრის, პოზიციები შეარყია მექრთამეობასა და თაღლითობის ბრალდებებთან დაკავშირებულმა სკანდალმა, მას ბრალს სდებენ ასევე ნდობით ბოროტად სარგებლობაში კორუფციის სამ შემთხვევასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარია: ჩემთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის ასე შეწყალება

გიორგი გახარია

„შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის, და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების ასე, მსგავსი შეწყალება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, უნდა არსებობდეს „ფილტრები“ იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობაში მსჯავრდებულები „ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები“.

„რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა, გამოაცხადა მორატორიუმი. ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და, რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

18 სექტემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციელის და ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.

შეწყალებული პატიმრის ადვოკატი ამბობს, რომ პრეზიდენტმა უდანაშაულო პირი შეიწყალა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა, სასჯელს უკანონოდ იხდიდა.

მედიაცენტრ „მთავარში“ 18 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა თქვა, რომ ასლან ბეჟანიძის შეწყალების თხოვნით, წინა პრეზიდენტსაც მიმართა. ირაკლი ჩომახაშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილისგან უარი მიიღეს: „დაემთხვა ისე, რომ იყო არჩევნები და შესაბამისად, შეწყალება არ მომხდარა.“

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ადვოკატები შეწყალების სუბიექტურ გარემოებებს არ აფასებენ.

„რას ფიქრობდა საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ უდანაშაულო პირი, რომელიც სასჯელს იხდიდა უკანონოდ, სრულიად გათავისუფლდა შეწყალების თხოვნით“, - განაცხადა ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა.

ირაკლი ჩომახაშვილის განმარტებით, პრეზიდენტმა ასლან ბეჟანიძე ხოლოდ სასჯელის ნაწილში შეიწყალა, რაც არ გულისხმობს დანაშაულისგან გათავისუფლებას. ადვოკატის განცხადებით, ბეჟანიძის გამართლებას ელოდებიან სტრასბურგის სასამართლოსგან.

ირაკლი ჩომახაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ასლან ბეჟანიძის დამნაშავედ ცნობა სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეზე, ნინო გვენეტაძეზე პროკურატურის და ხელისუფლების ზეწოლის შედეგია.

„თუ ისმის კითხვა რატომ მოხდა ასლან ბეჟანიძის შეწყალება, ჩვენთვის ეს არის სამართლიანობის აღდგენა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან გაუარესებული და ვთვლი, რომ ფაქტობრივად, ვერ უძლებდა პენიტენციარულ დაწესებულებაში უკანონოდ ყოფნას“, - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.

18 წლის დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში, პეკინის გამზირზე მოკლეს. პროკურატურამ საქმე გახსნილად მხოლოდ 2015 წელს გამოაცხადა, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძე კი, 2016 წლის 26 მარტს დააკავეს.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნეს განსხვავებით საქართველოს უზენაესი სასამართლოსგან, რომელმაც 2018 წლის 29 მარტს ასლან ბეჟანიძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2012 წლის ამნისტიის გათვალისწინებით, ბეჟანიძეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტი საჯაროდ ამ დღეებში გახდა ცნობილი და საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მანამდე პროტესტი მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებას.

18 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირი 2009 წლიდან იძებნება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებული ერთ-ერთი პირი 2009 წლიდან იძებნება.

„როდესაც ჩვენ მივიღეთ აქტი, სადაც ეწერა, რომ ესა და ეს პატიმარი გაათავისუფლეთ და აღმოჩნდა, რომ ეს პატიმარი ჩვენს სისტემაში არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, წინა ხელისუფლების პირობებშიც კი არ ყოფილა იმიტომ, რომ 2009 წლიდან არის ძებნილი, ეს ფაქტი, უბრალოდ, იმას ადასტურებს, რომ არავითარი კონტაქტი, სამწუხაროდ, მარიამობის შეწყალებაზე, ორ სისტემას შორის არ ყოფილა“, - უთხრა დღეს, 18 სექტემბერს, ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პენიტენციარული სისტემა და მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვერ ჩაანაცვლებენ. „პრეზიდენტი არის პრეზიდენტი, თავისი უფლებამოსილებებით, მან დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რისთვისაც საჭიროა სისტემის ახლებურად აწყობა, რაც სულაც არ არის რაიმე კომპლექსური ან ძნელი სამუშაო. საჭიროა ამისთვის, რომ თავად პრეზიდენტი ჩაუდგეს ამ პროცესს სათავეში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

18 სექტემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციელის და ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ მოძრაობას არ გარდავქმნით პარტიად, მოძრაობა იქნება მაყურებელი

ჩვენ მოძრაობას არ გარდავქმნით პარტიად, მოძრაობა იქნება მაყურებელი, მაკონტროლებელი, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის პირველი 12 წევრის წარდგენის ღონისძიებაზე.

„ეს არის მოძრაობა, როგორც გითხარით, პარტია იქნება ცალკე დაფუძნებული და ზოგიერთი ადამიანი, ვისაც თქვენ აქ ხედავთ, მისი სურვილით შეიძლება ვიხილოთ პარტიაში, ზოგიერთი დარჩება მოძრაობაში.

ჩვენ მოძრაობას არ გარდავქმნით პარტიად, იმიტომ რომ მოძრაობა იქნება ის მაყურებელი და იმ პოლიტიკის მაკონტროლებელი, რომელიც აიღებს თავის თავზე ქვეყანაში გამარჯვებისკენ სიარულს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, „ლელო“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც დასავლეთის ვექტორი აქვს და ქვეყანაში სწრაფი განვითარება უნდა.

„განსაკუთრებით იმ ადამიანებთან ვითანამშრომლებთ, რომელიც წინა ან ეხლანდელი მთავრობის დროს იყვნენ უწყებებში, მუშაობდნენ, მათ კისერზე გადაიარა ძალიან ბევრმა პროფესიულმა ნაშრომმა და არავინ არ გამოიყვანა ეს ხალხი წინა პლანზე“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრები არიან:

  1. ლანა გალდავა, იურისტი;
  2. ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი;
  3. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი, ჟურნალისტი;
  4. კახა კოჟორიძე, იურისტი;
  5. მედეა მეტრეველი, ფილოლოგი;
  6. გია გუგუშვილი, მხატვარი;
  7. საბა ბუაძე, იურისტი;
  8. გიგლა მიქაუტაძე, ეკონომისტი;
  9. ქეთი ენუქიძე, ფილოლოგი;
  10. ელენე მელიქიშვილი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი;
  11. გია მორდეკაშვილი, ბიზნესმენი;
  12. დავით გელაშვილი, ეკონომისტი.

„იყო სპეკულაციები, რომ თითქოს ჩვენ პირველ 12-ს წარვადგენთ. არანაირი პირველი და 150-ე პირველი არ არსებობს. იქნება 12-12 ადამიანის წარდგენა, რომლებიც მოდიან თანაბარსრულუფლებიანი პრინციპით, ჰორიზონტალური პრინციპით და თითოეული ადამიანი შეასრულებს განსაკუთრებულ ფუნქციას“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს: ასეთი მეთოდები არის ჩვენთვის მიუღებელი

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თავისი გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა,რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვებსაიტზე გუნდის შემადგენლობის სია მანამდე გამოქვეყნდა, სანამ ამას თავად მოძრაობის წევრები გაასაჯაროებდნენ. მისი სიტყვებით, ინფორმაცია ინახებოდა კომპიუტერში და საზოგადოებრივმა არხმა სხვა გზით მოიპოვა, რაც, მისი სიტყვებით, კითხვებს აჩენს.

„გუშინ ღამით აღმოვაჩინეთ, რომ სია, რომელიც დღეს მე უნდა წარმედგინა საზოგადოებისთვის, აღმოჩნდა სრულად გადაკოპირებული საზოგადოებრივი არხის საიტზე და გავრცელებული. არის ორი ვარიანტი - ან ჩვენ მოგეცით ეს ინფორმაცია, რომელიც არ მოგვიცია, იმიტომ რომ იყო ჩვენს კომპიუტერებში და იყო დახურული ინფორმაცია და გვინდოდა ჩვენგან გაგეგოთ, ან ეს ინფორმაცია საზოგადოებრივმა არხმა, რომლის დაფინანსებაშიც თითოეული ჩვენთაგანი ვიღებთ მონაწილეობას, მოიპოვა სხვადასხვა არხით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი სიტყვებით, საუბარი არ არის მედიის დამოუკიდებლობაზე და იმაზე, თუ ვინ ვის მიაწოდა ეს ინფორმაცია, თუმცა თავად ფაქტი „ძალიან გასაკვირია“.

„ძალიან ბევრი მანქანა დაგვყვება ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი კამერა დაყენდა ყველა იმ ოფისში, სადაც ვიკრიბებით და ჟურნალისტებს რომ არ ეგონოთ, რომ ჩვენ რამეს ვმალავთ, ჩვენ ვიქნებით აუცილებლად გამჭვირვალეები და ასეთი მეთოდები არის ჩვენთვის მიუღებელი და არავის ეგონოს, რომ მედიას აქვს უფლება, რაღაც ინფორმაცია მოიპოვის და ჩვენ ვინც ვაფინანასებთ, განსაკუთრებით საზოგადოებრივ არხს, რომელსაც უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს ჩვენი წყალობით, მათთან ჩვენ კითხვები არ გვექნება. რა თქმა უნდა, ყველა არ იგულისხმება - ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა უპასუხა, რომ მათ ჰყავთ წყაროები და უაპელაციოდ ეჭვების გამოთქმა, რომ ვინმემ მიაწოდა პირველ არხს ინფორმაცია, უხერხულია.

„ამ არხზე მუშაობენ პროფესიონალები და ძალიან ცუდია, რომ ასეთი ფორმულირებით აყენებთ საკითხს“, - განაცხადა საზაგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ეს ინფორმაცია ამოღებული იყო მათი კომპიუტერიდან, რომელიც მათ არ გაუციათ, - უპასუხა მამუკა ხაზარაძემ და განაგრძო გუნდის წევრების წარდგენა.

18 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას წარუდგინა მოძრაობის 12 წევრი.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს დააფუძნა.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს პერევთანაც კეტავს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევთანაც.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო“ პერევთან მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი დაიკეტება 18 სექტემბერს, საღამოს რვა საათიდან 22 სექტემბრის დილის ექვს საათამდე. ოკუპირებულ რეგიონში "რესპუბლიკის დღეს" 20 სექტემბერს აღნიშნავენ.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ 4 სექტემბრიდან დაკეტა ე.წ. გამშვები პუნქტები ოკუპირებული ახალგორის და ჯავის რაიონებთანაც. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ირწმუნებოდა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყების გამო, "საზღვარი" 6 სექტემბრამდე იკეტება, თუმცა, ე.წ. გამშვები პუნქტები ამ დრომდე არ მუშაობს. ამის მიზეზად დე ფაქტო ხელისუფლება ასახელებს საქართველოს მთავრობის მიერ „საზღვართან“ ვითარების დაძაბვას და „ოპერატიული ვითარების გართულებას“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის ეს მონაკვეთები „მდგომარეობის ნორმალიზების“ შემდეგ გაიხსნება.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო დადგეს ოკუპირებული სოფლის, წნელისის მახლობლად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" 12 წევრის ვინაობა ცნობილია

18 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას წარუდგინა მოძრაობის 12 წევრი,

ესენი არიან:

  1. ლანა გალდავა, იურისტი;
  2. ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი;
  3. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი, ჟურნალისტი;
  4. კახა კოჟორიძე, იურისტი;
  5. მედეა მეტრეველი, ფილოლოგი;
  6. გია გუგუშვილი, მხატვარი;
  7. საბა ბუაძე, იურისტი;
  8. გიგლა მიქაუტაძე, ეკონომისტი;
  9. ქეთი ენუქიძე, ფილოლოგი;
  10. ელენე მელიქიშვილი, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი;
  11. გია მორდეკაშვილი, ბიზნესმენი;
  12. დავით გელაშვილი, ეკონომისტი.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ადამიანები იქნებიან საზოგადოებრივი მოძრაობაში. ზოგიერთი მათგანი კი, შესაძლოა, პოლიტიკურ პარტიაშიც გაერთიანდეს, რომელსაც მალე დააფუძნებენ.

"ლელო" შემდეგ 12 წევრს საზოგადოებას მომდევნო კვირაში გააცნობს.

საუდის არაბეთი შეუერთდა აშშ-ის ხელმძღვანელობით პატრულირებას, პომპეო რიადში ჩადის

საუდის არაბეთმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ შეუერთდა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას, რათა პატრულირება განხორციელდეს სპარსეთის ყურის წყლებში, იმ ფონზე, როცა რეგიონში იზრდება დაძაბულობა საუდის არაბეთის ნავთობის მრეწველობაზე მიტანილი იერიშის შემდეგ. ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ თავდასხმა იყო რიადის გაფრთხილება, რათა მან შეწყვიტოს ინტერვენცია იემენში.

საუდის არაბეთის გადაწყვეტილება, შეერთებოდა საერთაშორისო პატრულირებას, წინ უსწრებს სამეფოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს. ვაშინგტონი ირანს ადანაშაულებს თავდასხმაში, საუდის არაბეთი კი უკვე აცხადებს, რომ იერიშისას "ირანული შეიარაღება" იყო გამოყენებული. ირანი უარყოფს მონაწილეობას საჰაერო თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრეს ირანის მიერ მხარდაჭერილმა, იემენელმა ჰუთიტმა მეამბოხეებმა - რომლებიც აცხადებენ, რომ იერიშისას საფრენი აპარატები იყო გამოყენებული.

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ 18 სექტემბერს თქვა, რომ ჰუთიტებმა საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტი მიზანში ამოიღეს როგორც "გაფრთხილება", რომ იემენში ინტერვენციას შესაძლია უფრო ფართომასშტაბიანი ომი მოჰყვეს. "იემენელებს... არ დაურტყამთ საავადმყოფოზე, სკოლაზე... მათ ინდუსტრიული ცენტრი ამოიღეს მიზანში... რათა გაეფრთხილებინეთ", - თქვა როჰანიმ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ.

პომპეო 18 სექტემბერს შეხვედრას გამართავს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მოჰამად ბინ სალმანთან, რათა "განხილულ იქნას სამეფოს ნავთობის ობიექტებზე ბოლო დროს მიტანილი იერიშები და კოორდინირება გაეწიოს ძალისხმევას რეგიონში ირანის აგრესიის მოსაგერიებლად".

რომან გოცირიძე პატიმართა შეწყალებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტების გამოძიება.

„აშკარად ჩანს კორუფციის ნიშნები. იმ შემთხვევაში, თუკი ეს დადასტურდა, პრეზიდენტს მოუწევს წასვლა იმპიჩმენტის წესით“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმს, გოცირიძის შეფასებით, მორატორიუმი ვერ უშველის გაფუჭებულ საქმეს და სალომე ზურაბიშვილის რეპუტაციას და უმჯობესია, თუკი ის გადადგება.

რომან გოცირიძის თქმით, თავისთავად მორატორიუმი ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უარს ამბობს კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებაზე.

18 სექტემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციელის და ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.

კალაძე: ხალხს უნდა ვკითხოთ, გავაგრძელოთ თუ არა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

„იყო აზრთა სხვადასხვაობა, გავაგრძელოთ წელსვე ეს პროექტი და მივიყვანოთ მთლიანი სამუშაოები ბოლომდე, ვაკის პარკამდე თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე, თაქთაქიშვილის ქუჩამდე. იქ გავაჩეროთ სამუშაოები, მოვაწესრიგოთ ყველაფერი და გაზაფხულზე განვაახლოთ“, - განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. პირადად იგი სამუშაოების გაგრძელების მომხრეა, თუმცა ფიქრობს, რომ მერიას საზოგადოების აზრის გათვალისწინება მოუწევს:

„მგონია, რომ რადგან ჩვენ დავიწყეთ ეს სამუშაოები, ჯობია ბოლომდე მივიყვანოთ, გაგრძელდეს სამუშაოები. საკმაოდ დიდი ტემპია, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და ჯობია, რომ ეხლავე, ზამთრის პერიოდში მოხდეს ყველა ამ სამუშაოების ჩატარება, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება იმიტომ, რომ გაზაფხულზე ისევ მტვერი, ჭუჭყი და ტალახი არ იყოს. ამიტომ მგონია, რომ ალბათ უნდა გავაგრძელოთ სამუშაოები, თუმცა მე მინდა მაინც ვკითხო მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მან ვაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს აღნიშნულ თემაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაავალა. ამას გარდა, განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში უნდა ჩატარდეს გამოკითხვა, რას ფიქრობენ ადამიანები ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ფრთხილად, ჭავჭავაძეზე „ხაფანგებია“
please wait

No media source currently available

0:00 0:02:48 0:00

ვანო ზარდიაშვილი: მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს "გაუჩალიჩეს"

პარლამენტის წევრი ვანო ზარდიაშვილი

მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების გამო პრეზიდენტთან შეკითხვები აქვთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“.

„არსებობს კითხვები და, ჩემი აზრით, თუ ეს ქალბატონ სალომეს ვიღაცამ მოუწყო, ეგრეთ წოდებულად გაუჩალიჩა, მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება, ვინ იყო ეს პირი. თუ არა, უნდა გაკეთდეს განმარტებები, რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები. მე მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს ეგრეთ წოდებულად გაუჩალიჩეს“, - უთხრა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა.

მისი შეფასებით, ზოგადად, პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალებამ საქართველოში მახინჯი ფორმა მიიღო.

„წინა პრეზიდენტების პირობებში გავიხსენებ მარგველაშვილის მიერ ქორიძის შეწყალებას, რომელიც ნარკოდანაშაულში იყო მსჯავრდებული. ასევე, გავიხსენებ სააკაშვილის მიერ ეკა ბესელიას ძებნილი შვილის შეწყალებას, ესეც უპრეცედენტო შეწყალება იყო და ასევე, ახლა ქალბატონი სალომეს შეწყალებებიც“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი დადებითია ის, რომ ყველა ერთად, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, მზადყოფნას გამოხატავს, რომ დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა და „ერთხელ და სამუდამოდ, პრეზიდენტების ხასიათზე არ ვიყოთ დამოკიდებული“.

18 სექტემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციელის და ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.

სისხლიანი თავდასხმების შემდეგ, თალიბანი "მზადაა" აშშ-თან მოლაპარაკების განახლებისთვის

თალიბანის მთავარი მომლაპარაკებელი ამბობს, რომ "კარი ღიაა" აშშ-თან მოლაპარაკების აღსადგენად. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე მომხდარ ორ თავდასხმას, რომელზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა, ავღანეთში სულ მცირე 48 ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელიც უნდა დასრულებულიყო შეთანხმებით ავღანეთიდან ათასობით ამერიკელი სამხედროს გამოყვანის შესახებ, გასულ კვირაში ჩაიშალა - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოლაპარაკების შეწყვეტის მიზეზად დაასახელა თავდასხმა, რომელსაც ამერიკელი სამხედრო შეეწირა. მოლაპარაკებაში არ მონაწილეობდა ავღანეთის მთავრობა.

თალიბანის წარმომადგენელმა, შერ მოჰამად აბას სტანიკზაიმ ბიბისის უთხრა, მეამბოხეებს არასწორი არაფერი გაუკეთებიათ მოლაპარაკების პერიოდში ბრძოლის გაგრძელებითო. მისი თქმით, მოლაპარაკების დროს ამერიკელებმა ასევე აღიარეს თალიბანის ათასობით წევრის დახოცვა. ვრცელდება მისი სიტყვები - "ჩვენი მხრიდან, კარი ღიაა მოლაპარაკებისთვის".

17 სექტემბერს ავღანეთის ცენტრალირ პროვინცა პარვანში, პრეზიდენტ აშრაფ ღანის მხარდასაჭერ აქციაზე თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 26 ადამიანი, კიდევ 22 ადამიანი დაიღუპა დაახლოებით ერთ საათში ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად. ეს იყო ყველაზე სისხლიანი თავდასხმები, რომლებიც ავღანეთში მოხდა მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ. დაჭრილია ათასობით ადამიანი. თავდასხმებზე პასუხისმებლობა თალიბანმა იკისრა.

პომპეო საუდის არაბეთში გაემგზავრა, აშშ განიხილავს პასუხს ნავთობზე თავდასხმაზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი აცხადებს, რომ აშშ-ის არმია "მზად არის დაიცვას" ქვეყნის მოკავშირეთა ინტერესები, და ასევე ამბობს, რომ სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საუდის არაბეთში მიემგზავრება, რათა "განიხილოს ჩვენი პასუხი" შაბათ-კვირას საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე მიტანილ იერიშზეო.

17 სექტემბერს, ანალიტიკურ ცენტრ Heritage Foundation-ში გამოსვლისას, პენსმა თქვა, აშშ განიხილავს მტკიცებულებებს, რომლებიც მიანიშნებს, რომ თავდასხმის უკან ირანი იდგა. პენსის თქმით, აშშ მოკავშირეებთან კონსულტაციებს აწარმოებს, სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტს "მოქმედების საუკეთესო გზას მომავალ დღეებში".

მედიაში ვრცელდება აშშ-ის ანონიმურად დატოვებული სამი ოფიციალური პირის სიტყვები, რომ 14 სექტემბერს საუდის ნავთობის ობიექტზე მიტანილი იერიში ირანის სამხრეთდასავლეთიდან მოდიოდა და მოიცავდა რაკეტებსაც და საფრენ აპარატებსაც. ირანი უარყოფს როლს საჰაერო თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრეს ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუთიტმა მეამბოხეებმა - ისინი ამბობენ, რომ თავდასხმაში საჰაერო აპარატები იყო გამოყენებული.

11-წლიანი პაუზის შემდეგ, აშშ და ბელორუსია ელჩებს გაცვლიან

აშშ და ბელორუსია გეგმავენ ელჩების გაცვლას, თერთმეტწლიანი პაუზის შემდეგ, იმ ფონზე, როცა ძლიერდება შეშფოთება რუსეთის საგარეო პოლიტიკური განაცხადების თაობაზე.

"მაქვს პატივი გამოვაცხადო, რომ მზად ვართ ელჩების გასაცვლელად, რაც იქნება ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი" - თქვა პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, დავიდ ჰეილმა 17 სექტემბერს, მინსკში, ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისრტთან, ვლადიმირ მაკეისთან შეხვედრის შემდეგ. მანამდე ჰეილი შეხვდა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას, რომელიც ბელორუსიას საუკუნის მეოთხედია მართავს.

ბოლო წლებში გახშირდა შეხვედრები ვაშინგტონის და მინსკის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის. გასულ თვეში ბელორუსიას ეწვია იმ დროს უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი, რაც ორი ათწლეულის განმავლობაში თეთრი სახლის მაღალჩინოსნის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო.

ოთარ კახიძე: რა შუაშია მორატორიუმი?

პარლამენტის წევრი ოთარ კახიძე

პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძე აცხადებს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება პრეზიდენტის მიერ პატიმართა შეწყალების საკითხზე.

“რა მორატორიუმზეა საუბარი, როცა პრეზიდენტმა არ აუხსნა საზოგადოებას რა ნიშნით გამოარჩია ის მსჯავრდებულები, რომლებიც გაათავისუფლა. რა კომუნიკაცია და ვისთან არსებობდა, პასუხები არ უნდა გასცეს?! აბრალებს რაღაც პროცედურებს. მორატორიუმი რა შუაშია? საზოგადოების უფლებაა გაიგოს, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და შემოწმდეს, ხომ არ აქვთ შეწყალებულ პირებს, მათი ოჯახის წევრებს და ადვოკატებს რაიმე კავშირი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

„უნდა დადგინდეს ვინ მიიტანა ეს გვარები, რა ნიშნით შეირჩა, ხომ არ იყო ნეპოტისტური კავშირი, ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები. თუ დაფიქსირდა დანაშაულის ნიშნები პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

18 სექტემბერს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.

ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალებაზე: „მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი"

სალომე ზურაბიშვილი

„შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია, ეს არ არის გამართლება ვინმესი. ეს არ არის ამავე დროს არც რევიზია რომელიმე სასამართლოსი. ეს არ არის რაღაცა მეოთხე ძალაუფლება, რომელსაც აქვს სასამართლოზე ზემოთ რამე გამოცდილება, ეს არის სუბიექტური, პერსონალური, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ.

ეს არის შეფასება გარემოებების, შეფასება იმ მოცემულობის და შეფასება კიდევ ერთხელ ადამიანის მიერ, რომელიც არის ამავე დროს პრეზიდენტი, მაგრამ ადამიანის მიერ და რაც არც გამორიცხავს შეცდომას, არც გამორიცხავს, რო სხვას ჰქონდეს სხვა შეფასება იმავე გარემოებების“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, უნდა დამთავრდეს სპეკულაციები იმაზე, ვინ ახდენს ზეგავლენას შეწყალების პროცესზე; „მე მივიციღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 18 სექტემბერს მან მიიღო მიიღო გადაწყვეტილება შეწყალების პროცესზე მორატორიუმის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოში, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდნენ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

საქართველოს პრეზიდენტი პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს

სალომე ზურაბიშვილი

გამომდინარე შექმნილი ვითარებიდან, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე. „მერე ვნახოთ, როგორ იქნება. წესები შემუშავდება და ან ჩემ დროს, ან შემდეგი პრეზიდენტის დროს როგორ იქნება შეწყალება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

აქტივისტებმა პრეზიდენტის შეწყალების პოლიტიკა გააპროტესტეს

საპროტესტო აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან

სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გააპროტესტეს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების შესახებ.

შავ ტანსაცმელში ჩაცმულ თეთრნიღბიან აქტივისტებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „სერიული შემწყალებელი“, „შეიწყალებ გავრილოვის პატიმრებს?“

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 მსჯავრდებული. მალევე ცნობილი გახდა, რომ მათ შორისაა 2014 წელს, ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული.

16 სექტემბერს გაირკვა, რომ შეწყალებულია 2004 წელს, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის 2018 წელს მსჯავრდებული პირიც.

ნათია თურნავა ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეზობელია და საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რაც აუცილებელია ქვეყნების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის.

თურნავამ და ალიევმა ილაპარაკეს საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობასა და საერთაშორისო დონეზე ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის პოპულარიზებისთვის ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებაზე.

აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა 9%-იანი წილით.

"კოკა-კოლას" თბილისის ოფისის თანამშრომელი დააკავეს სეიფიდან 133 000 ლარის მოპარვის ბრალდებით

პოლიციამ თბილისში დაააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ოფისიდან დიდი ოდენობით თანხის მოპარვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1981 წელს დაბადებული მ.ტ, რომელიც ამავე კომპანიის თანამშრომელია.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახის სეიფიდან მოიპარა 133 000 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ცნობით, შემთხვევა 14 სექტემბერს მოხდა.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, „სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით, მოპარული თანხა სრულად ამოიღეს“.

გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟირინოვსკი ბელარუსს და უკრაინას რუსეთთან შეერთების შემთხვევაში აყვავებას პირდება

რუსეთის დუმის დეპუტატი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ ბელარუსი და უკრაინა აყვავდებიან, თუ რუსეთს შეუერთდებიან.

ჟირინოვსკიმ სოციალურ ქსელში, თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს შეუძლია ისტორიული ნაბიჯი გადადგას და ბელარუსი რუსეთს შეუერთოს. ჟირინოვსკის განცხადებით, ხალხს უნდა მისცენ თავისუფალი გადაადგილება და ერთიანი რუბლი, რომელიც ევროზე ძლიერი იქნება.

ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი წერს, რომ ეს ეხება უკრაინასაც, რადგან „ისტორიულად რუსეთი შედგებოდა ველიკოროსიისა და მალოროსიისგან.“

„ადამიანების თავისუფლება არავინ უნდა შეზღუდოს, სადაც უნდათ ბელარუსულ ენაზე ილაპარაკონ, უნდათ უკრაინულად. უნდა შენარჩუნდეს ეროვნული გაზეთები, თეატრები და სკოლები, მაგრამ მაინც მოხერხებული იქნება საერთო ენის გამოყენება. კარგად მახსოვს საბჭოთა დრო, როცა ბევრი ეროვნებით არარუსი სიამოვნებით ლაპარაკობდა რუსულად. მაგალითად, ხშირად ვიყავი აფხაზეთში. იქ ცხოვრობენ ქართველები, აფხაზები, რუსები, ესტონელები და სომხები და ერთმანეთში ყველა რუსულად ლაპარაკობს. აბა, ხუთ-ხუთ ენას ხომ არ ისწავლიან? ეროვნების მითითება კი, საერთოდ არ არის საჭირო. ჩვენ უბრალოდ, ერთი ქვეყნის მოქალაქეები უნდა ვიყოთ“ - აცხადებს ჟირინოვსკი.

ესპანეთში ბოლო ოთხ წელიწადში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 10 ნოემბერს ჩატარდება. ამის შესახებ განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოციალისტმა პედრო სანჩესმა. მან ოპოზიციას დააკისრა პასუხისმგებლობა იმაზე, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო საპარლამენტო კოალიციის შექმნა.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი უშედეგო მოლაპარაკება. 17 სექტემბერს, საპარლამენტო პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ესპანეთის მეფე ფელიპე მეექვსემ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ პრემიერ-მინისტრობის არცერთ პოტენციურ კანდიდატს არ დაასახელებს.

2019 წლის აპრილში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო ესპანეთის სოციალისტურმა პარტიამ, თუმცა, ვერ მოიპოვა მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობა. სოციალისტების მოკავშირედ მოიაზრებოდა მემარცხენე პოპულისტების პარტია „პოდემოსი“, თუმცა, მათ შეთანხმება ვერ შეძლეს.

10 ნოემბერს დანიშნული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ბოლო ოთხ წელიწადში მეოთხეა.

წულუკიანი: ერთი შეწყალებული ვერ გათავისუფლდებოდა, იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „პირველი არხის“ ეთერში აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტებს.

„შეწყალების უფლება ვერ იქნება ულიმიტო და უსაზღვრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მივალთ ისეთ სამწუხარო შედეგებამდე, როგორც მივედით მარიამობის შეწყალებამდე, როდესაც მკვლელობის მუხლით სამი ადამიანი იქნა შეწყალებული. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს 2019 წელს, არ ვცხოვრობთ ასლან აბაშიძის ბათუმში, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს პატიმარი და იუსტიციის სამინისტრომ (როგორც მაშინ ასანიძის შემთხვევაშ მოხდა) არ გაუღოს ციხის კარი. როდესაც ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის შეწყალების აქტს, რა თქმა უნდა, ვაღებთ ციხის კარს", - განმარტავს თეა წულუკიანი.

წულუკიანი უკმაყოფილოა იმით, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებამდე იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაცია არ გაიარა. მინისტრი აქვე ჰყვება პრეზიდენტის გადაწყვეტილების შედეგებს.

„მოლოდინი მე პირადად მქონდა, რომ აღდგომის და ახალი წლის შეწყალების მსგავსად, პრეზიდენტი ან მისი ადმინისტრაცია იკითხავდა აზრს: ეს პატიმარი ჩვენგან შეწყალებას ითხოვს და ნამდვილად შვილები ჰყავს, მაგალითად, სახლში? ნამდვილად ავად არის? ეს ჩვენ წინა ორი შეწყალებისას შეგვიმოწმებია და გვითქვამს, რომ არა, არ იტყუება, ნამდვილად მცირეწლოვანი ბავშვები ელოდებიან ამ პატიმარ ქალს სახლში. ამ შემთხვევაში ამგვარი კონტაქტიც არ შემდგარა მარიამობის შეწყალებაზე. ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტისგან ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც 24 პირიდან 23 პირი გათავისუფლდა საპატიმროდან, ერთი ვერ გათავისუფლდებოდა, იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი", - ამბობს წულუკიანი.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

„მთავარმა არხმა“ 17 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

იუწყებიან, რომ საქართველო გეგმავს ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქის რუსეთში ექსტრადიციას

რუსეთის ეთნიკურად ჩეჩენ მოქალაქეს, რამზან ახიადოვს, რომელიც 2017 წლიდან საქართველოში ცხოვრობს, რუსეთში ექსტრადიციას უპირებენ. ინტერნეტგამოშვება "ნეტგაზეთი" ავრცელებს მისი ადვოკატის, ალექსანდრე თათელიშვილის სიტყვებს - რომ რუსეთის ფედერაცია მას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებს, თავად ახიადოვი კი ბრალდებას შეთითხნილს უწოდებს. ახიადოვი თვლის, რომ რუსეთში მას არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და ვერც სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლებს.

"ნეტგაზეთი" იუწყება, რომ მას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს ექსტრადიციის შესახებ ბრძანების არსებობა. ახიადოვის ადვოკატის თანახმად, საექსტრადაციო პატიმრობის მაქსიმალური, 9-თვიანი ვადა 20 სექტემბერს იწურება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამჟამად რუსთავის ერთ-ერთ საპატიმროში იმყოფება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG