Accessibility links

ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა


ლუხუმ ჩხვიმიანმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალის გზაზე ექვსი მეტოქე დაამარცხა.

ევროპული თამაშებისა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა 2019 წლის მონაგარს სეზონის უმთავრესი ჯილდო მიამატა - 26 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს პირველობის პირველი დღე საქართველოს ჰიმნით დააგვირგვინა.

ჩხვიმიანმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალის გზაზე ექვსი მეტოქე დაამარცხა: ჰონგ კონგელი იუ ლონგ ლაი, ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი, ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე, უკრაინელი არტიომ ლესიუკი, ტაივანელი იუნგ ვეი იანგი და იაპონელი რიუჯიუ ნაგაიამა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევს აჯობა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ტატამზე ამირან პაპინაშვილიც გავიდა, მაგრამ შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა. დღესვე, მედლები ქალთა უმსუბუქეს წონაში - 48 კილოგრამშიც გათამაშდა. მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა უკრაინელი დარია ბილოდიდი.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი 31 აგვისტომდე გაგრძელდება და მამაკაცთა და ქალთა შორის კიდევ ექვს-ექვს წონაში შეივსება საპრიზო სამეულები. საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმებიან: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე 66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG