Accessibility links

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ​ი „დიდი შვიდიანის“ სამიტის კულუარებში ევროპელ კოლეგებს შეხვდა


თვითმფრინავი, რომლითაც ჯავად ზარიფი ჩავიდა ბიარიცში, 2019 წლის 25 აგვიტო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი მოულოდნელად ჩავიდა ბიარიცში, სადაც „დიდი შვიდიანის“ სამიტი იმართება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის მიწვევით.

ზარიფის იქ ჩასვლის ფონია ევროპის წამყვანი ქვეყნების მცდელობა, გადაარჩინონ ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანთან დაიდო 2015 წელს და რომელსაც შარშან გამოეყო აშშ.

ქალაქში, სადაც „დიდი შვიდიანის“ სამიტი იმართება, ჩასული არიან მსოფლიოს ეკონომიკურად მოწინავე შვიდი ქვეყნის ლიდერები.

მოჰამად ჯავად ზარიფი ​საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა სხვა ევროპელ კოლეგებსაც შეხვდა და მოგვიანებით ბიარიცი დატოვა.

გამგზავრებამდე ზარიფმა ტვიტერით დაწერა, რომ წინ რთული გზაა, მაგრამ ღირს, მას გავუდგეთო.

მანამდე ფრანგულმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მაკრონს დავალება მისცეს „მოლაპარაკებოდა ირანს და გადაეცა გზავნილი“ მისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაძაბულობა.

მაკრონმა უარყო ეს ცნობა და თქვა, რომ „დიდ შვიდეულს, ოფიციალური მანდატი არ მოუნიჭებია, ეს არის ინიციატივა, რათა მიღწეულ იქნეს ორი მიზანი“. ემანუელ მაკრონის თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ისაუბრეს ირანის გარშემო და გამოიკვეთა ორი მიმართულება: „დიდი შვიდიანის“ არც ერთ წევრს სურს, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი და „დიდი შვიდიანის“ ყველა წევრი ამ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მომხრეა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზარიფის ბიარიცში ჩასვლის თაობაზე კომენტარი არ გააკეთა.

მაკრონი პარიზში შეხვდა მოჰამად ჯავად ზარიფს ორი დღის წინ.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც ვაშინგტონი გავიდა 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, შორის დადებული ბირთვული შეთანხმებიდან. აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანს, რომლის ეკონომიკას დიდი ზარალი ადგება სანქციების გამო. ირანმა დაიწყო შეთანხმების ზოგიერთი პირობის შესრულებაზე უარის თქმა. სპარსეთის ყურეში მომხდარმა ინციდენტებმა ურთიერთობა კვლავ დაძაბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG