Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყის ხანძრების გამო სამხედროთა დახმარებას ბრაზილიის უკვე მეშვიდე შტატი ითხოვს


ტყეებში მძვინვარე ხანძრის გამო, ბრაზილიის არმიის დახმარება ითხოვა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ამაზონასის შტატმაც. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ამაზონასი უკვე მეშვიდე შტატია, რომელსაც ხანძრის ჩაქრობაში სამხედროები დაეხმარებიან.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ რამდენიმე ხნის წინ გამოსცა დეკრეტი სტიქიურ უბედურებასთან საბრძოლველად შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით ხანძარს ებრძვის 43 ათასზე მეტი სამხედრო.

ბრაზილიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტყის ხანძრების ქრობაში ჩართულია ავიაციაც, მათ შორის „ჰერკულესის“ ტიპის ორი სატრანსპორტო თვითმფრინავი. თითოეულ მათგანს 12 ათასი ლიტრი წყლის ტრანსპორტირება შეუძლია.

ბრაზილიის ხელისუფალთა მცდელობების მიუხედავად, ტყის ხანძრების რაოდენობა იზრდება. მხოლოდ 23 აგვისტოს ათასზე მეტი ახალი ხანძრი გაჩნდა. წლის დასაწყისიდან დაფიქსირებულია 80 ათასამდე ხანძარი.

პრეზიდენტი ბოლსონარუ უარს ამბობს მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე.

XS
SM
MD
LG