Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა საფრანგეთში ნაადრევი იყო


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ნაადრევი“ იყო შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯავად ზარიფთან, რომელიც მოულოდნელად ჩავიდა საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ჯგუფის ლიდერების შეხვედრაზე. ტრამპმა გაიმეორა, რომ ვაშინგტონი არ ესწრაფვის თეირანში რეჟიმის შეცვლას.

„მე მინდა მართლა ძლიერი ირანი, ძალიან ძლიერი, ჩვენ არ ვცდილობთ რეჟიმის შეცვლას. თქვენ ნახეთ, რა ხდებოდა ბოლო ოც წელიწადში, არ იყო ეს კარგი“, თქვა ტრამპმა 26 აგვისტოს ბიარიცში, სადაც „დიდი შვიდეულის“ წევრების, აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იაპონიის, იტალიის, კანადის და საფრანგეთის ლიდერები ასრულებენ მოლაპარაკებებს. „ირანს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს და მართლა დიდი სახელმწიფო გახდეს, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, „ტერორიზმის უნდა შეწყვიტოს“.

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ყურადღების მკვეთრი გადატანა მოხდა ირანზე მას მერე, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი მოულოდნელად ჩავიდა იქ, რათა თავის კოლეგებთან თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო დიპლომატიური შიხიდან გამოსავალზე ემსჯელათ. ტრამპმა რეპორტიორებს უთხრა, რომ მან იცოდა ზარიფის ჩამოვლის შესახებ და განაცხადა, რომ არ სურდა მასთან შეხვედრა. „ვფიქრობ, მასთან შეხვედრა ნაადრევია“, დასძინა ტრამპმა.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც ვაშინგტონი გავიდა 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს, შორის დადებული ბირთვული შეთანხმებიდან. აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანს, რომლის ეკონომიკას დიდი ზარალი ადგება სანქციების გამო. ირანმა დაიწყო შეთანხმების ზოგიერთი პირობის შესრულებაზე უარის თქმა. სპარსეთის ყურეში მომხდარმა ინციდენტებმა ურთიერთობა კვლავ დაძაბა.

შეთანხმებაზე ხელის მომწერი სამი ევროპული ქვეყანა, ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი შეთანხმების პირობების ერთგული რჩებიან და მის გადარჩენას ცდილობენ. შეთანხმებით, ირანს უნდა შეეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა და სანაცვლოდ მას გაუუქმებდნენ სანქციებს.

25 აგვისტოს ზარიფმა ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ „კონსტრუქციული“ მოლაპარაკება ჰქონდა ფრანგ კოლეგასა და მაკრონთან.

გამგზავრებამდე ზარიფმა დაწერა, რომ წინ რთული გზაა, მაგრამ ღირს, მას გავუდგეთო. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, მოჰამად ჯავად ზარიფის შეხვედრა „დადებითი“ იყო და დისკუსია, რომელშიც გერმანელი და ბრიტანელი კოლეგები მონაწილეობდნენ, გაგრძელდება.

ამის ფონზე ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ დაიცვა თავისი მინისტრის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჩასვლა და განაცხადა, რომ თვითონაც მზად არის ჩავიდეს ყველგან, რათა კრიზისიდან გამოსავალი გზები მოძებნონ.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ საჭიროა განმუხტვის გზების გამოძებნა, რადგან, სხვა შემთხვევაში, ირანი კიდევ უფრო დაშორდება სექტემბერში თავის ბირთვულ ვალდებულებებს. მერკელის თანახმად, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული რათა მოგვარდეს დაძაბულობა ვაშინგტონსა და თეირანს შორის.

XS
SM
MD
LG