Accessibility links

თბილისში აცხადებენ, რომ აფხაზეთში გერმანელი დამკვირვებლების ჩასვლა რუსეთმა დააფინანსა


გერმანელი დამკვირვებლები ოკუპირებულ სოხუმში. 2019 წლის 25 აგვისტო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის წარმომადგენლები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლით დაარღვევდნენ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობას.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ გერმანიის პარლამენტის წევრი შტეფან კოიტერი და ბერლინის რეგიონული პარლამენტის დეპუტატი გუნარ ლინდემანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ამ პირებს არ ჰქონდათ არანაირი უფლებამოსილება და სტატუსი იმ სტრუქტურებიდან, რომლებსაც წარმოადგენენ.

„ეს იყო პირადი ვიზიტი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები მათი პარტიის ორიენტაციიდან გამომდინარე, ეს გახლავთ ულტრამემარჯვენე პარტია, იმყოფებიან რუსული გავლენის ქვეშ, რასაც ისიც მოწმობს, რომ დაფინანსება მათი ვიზიტისა აფხაზეთის რეგიონში, განხორციელდა რუსული მხარის მიერ“ - უთხრა 26 აგვისტოს ჟურნალისტებს ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

მისი განმარტებით, შესაძლო შედეგებზე დამატებითი კონსულტაცია ექნებათ გერმანულ მხარესთან და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მოხდება შესაბამისი დასაბუთებული რეაგირება.

კომენტარი გაკეთდა გერმანიის საელჩოშიც: „თუ ბატონი ლინდემანი და ბატონი კოიტერი გაემგზავრნენ აფხაზეთში, მათ ეს საკუთარი კერძო ინიციატივით გააკეთეს და ამისათვის არ მიუღიათ გერმანიის მთავრობის არანაირი ოფიციალური დავალება. გერმანია არ აღიარებს აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს და არ აგზავნის იქ დამკვირვებლებს. გერმანია ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას მომავალშიც გააკეთებს.“

რუსულ მედიაში გერმანიიდან აფხაზეთში ჩასულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის მოხსენიებულნი იყვნენ ცოლ-ქმარი გერჰარდ და ლუდმილა ჰიუბნერებიც.

გერმანიის მოქალაქეებმა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში თბილისის ნებართვის გარეშე ჩასვლით დაარღვიეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG