ინტერპოლით ძებნილი გიორგი სამუშია, რომელიც 31 მაისს უკრაინაში დაკავეს და საქართველოს გადმოსცეს, პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოიწურვის შემდეგ, გირაოთი გაათავისუფლეს.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და წამება. თუმცა დაკავებიდან 9 თვის თავზე ის არ არის მსჯავრდებული.
როგორც პროკურატურიდან რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოიწურა, საქართველოს კონსტიტიციის თანახმად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე (პატიმრობა შეიცვალა 3 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი), არსებითი განხილვა ელბერტ კობერძის წამების საქმეზე გრძელდება.
პროკურატურის ცნობით, დაზარალებული ელბერტ კობერიძე ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ის გარკვეული შეზღუდვის გამო სასამართლოში გამოცხადებას ვერ ახერხებს.
„ბრალდების მხარე ცდილობს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ სასამართლოში წარმოადგინოს ყველა საჭირო მოწმის პოზიცია და მოახდინოს მათი დაკითხვა“, - აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურის ცნობით, გიორგი სამუშიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2015 წლის 11 დეკემბერს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ერთხელ უკვე შეუცვალეს გირაოთი (9 თვიანი საპატიმრო ვადის ამოწურვამდე) და დამატებითი ღონისძიებად განუსაზღვრეს პასპორტის ჩამორთმევა. თუმცა პროკურატურის განცხადებით, სამუშიამ მოტყუებით, თითქოსდა პასპორტი დაკარგა, საჯარო რეესტრში მოითხოვა ახალი პასპორტი, რომლის გამოყენებითაც დატოვა საქართველოს ტერიტორია.
გიორგი სამუშია ბრალდების დეტალების შესახებ კი პროკურატურა იუწყებოდა, რომ 2012 წლის 28 ივლისს მან სხვა პირებთან ერთად, იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას და რომან შამათავას დავალებით,ზუგდიდში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ელბერდ კობერიძეს, ხელბორკილებით და სახეზე ნიღაბჩამოცმული გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ერთობლივი განზრახვით დაგეგმილი იყო წამების გზით კობერიძისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებითი ჩვენების მიღება.
„ამ მოთხოვნით, დავით ახალაიამ, გიორგი კალანდაძემ, მეგის ქარდავამ და რომან შამათავამ სამხედრო პოლიციის შენობაში, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს და სცემეს ელბერდ კობერიძე. წამებისა დროს არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი. ელბერდ კობერიძე იმდენად სასტიკად აწამეს, რომ მან გონება დაკარგა და უმწეო მდგომარეობაში, სასტიკად ნაწამები იმყოფებოდა 10 დღის განმავლობაში. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მომუშავე რიგითი თანამშრომლების თხოვნით, რის შემდეგაც ელბერდ კობერიძე გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება“, - აცხადებდა პროკურატურა.