ბიზნესმენ ავთო წერეთლის ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, წერეთელს აღკვეთის ღონისძიებად 500 000 ლარის გირაო აქვს შეფარდებული.
დაცვის მხარე ავთო წერეთლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. „საფრთხე იმისა, რომ მიემალება გამოძიებას, ან მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს, არ არსებობს. საჩივარში ვცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ თავად ბრალდების დადგენილების აღწერილობითი ნაწილი არ შეესაბამება დასკვნებს, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს“ - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა კახა წერეთელმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავთო წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს წაუყენა. გამოძიების მტკიცებით, წერეთელი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დაეხმარა 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთო წერეთლის კომპანიების „სამგორი თრეიდის“ და „სამგორი M“-ისთვის „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის გამოყენებით განახორციელეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ავთო წერეთელი ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამაა.
27 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ავთო წერეთელს აღკვეთის ღონისძიებად 500 000 ლარის გირაო შეუფარდა. „ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. არ გადავიხდი ამ თანხას და ვისაც უნდა იმან გადაიხადოს“ - განაცხადა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ავთო წერეთელმა.
ბიზნესმენის თქმით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდება აბსურდულია, რადგან „თიბისი ბანკისგან“ აღებული კრედიტი უკვე მისი თანხა იყო და მეგობრებს ასესხა.