Accessibility links

ოსური მხარე ულტიმატუმს აყენებს


ოსური მხარე ულტიმატუმს უყენებს ქართულ მხარეს და სოფელ წნელისის მიმდებარედ განთავსებული საგუშაგოს ასაღებად დროს პარასკევს დილის 6 საათამდე აძლევს, - ინფორმაციას სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ეგორ კოჩიევის კომენტარზე დაყრდნობით.

მისი განცხადებით, ოსურმა მხარემ ქართული მხარისგან მოითხოვა, „შეწყდეს პროვოკაცია საზღვარზე და გაიტანონ საგუშაგო სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიიდან“.

„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ შეწყვიტა და დატოვა შეხვედრა ამ საკითხის განხილვისას, ვინაიდან ქართული მხარე კონსტრუქციულ დიალოგზე არ წამოვიდა, შეხვედრის მონაწილეები დაიშალნენ ისე, რომ დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა არ დაუწყიათ“,- უთხრა სააგენტო „რეს“-ს ეგორ კოჩიევმა.

კოჩიევის თქმით, „ოსურმა დელეგაციამ წამოაყენა პირობა, რომ ქართულმა მხარემ აიღოს საგუშაგო პარასკევის დილის 6 საათამდე“.

„პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რესპუბლიკის ხელისუფლება გამოიყენებს ყველა კანონიერ ზომას, სამხრეთ ოსეთის ხალხის და სახელმწიფო საზღვრის დასაცავად“,- უთხრა მან სააგენტო „რეს“-ს

სოფელ ერგნეთში უშედეგოდ დასრულდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 95-ე შეხვედრა, რომელზეც 29 აგვისტოს ათამდე საკვანძო საკითხი უნდა განეხილათ.

თუმცა, შეხვედრის მთავარ და ერთადერთ საკითხად ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან შექმნილი ვითარება იქცა, რაც გახდა კიდეც შეუმდგარი მოლაპარაკების მიზეზი.

ოსურმა მხარემ მოითხოვა, ქართულ მხარეს ე.წ. სასაზღვრო ტერიტორიიდან გაეყვანა შეიარაღებული ფორმირებები და შეეწყვიტა უკანონო მშენებლობა.

„უკანონოდ“ კი მიჩნეულია საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ჩორჩანის ტყეში გზის გაყვანა და იქ პოლიციის საგუშაგოს განთავსება.

სოფელი ჩორჩანა ესაზღვრება ოკუპირებულ სოფელ წნელისს, რომელსაც ოსური მხარე უისტად მოიხსენიებს. 28 აგვისტოს, ჩორჩანის მახლობლად, საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მათი ცოცხალი ძალა და ტექნიკა გადაადგილდებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართული საპოლიციო საგუშაგო მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამიტომ, მისი სიტყვებით, ნებისმიერი ულტიმატუმი, თუ სად განალაგოს საქართველომ საკუთარი საპოლიციო ძალები, „შეიცავს ცინიზმის გაჯერებულ აფსურდს“.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდგომი შეხვედრა 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG