Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ტანკერმა, რომლის დაკავებასაც ითხოვს აშშ, ისევ შეიცვალა კურსი


ირანის დროშით მცურავმა ნავთობის ტანკერმა, რომლის დაკავებასაც კვირების განმავლობაში ითხოვს აშშ ხმელთაშუა ზღვაში, ისევ შეიცვალა კურსი. მაგრამ კვლავაც გაურკვეველია, სინამდვილეში საით მიემართება ის. Adrian Darya 1-მა, რომელიც ადრე Grace 1-ის სახელით იყო ცნობილი, უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში ათჯერ შეცვალა კურსი. 30 აგვისტოს ავტომატურ ამოსაცნობ სისტემაში (AIS) შეტანილი ცვლილების მიხედვით, ახლა იგი თურქეთის პორტს ისკენდერუნში მიემართება.

სპეციალისტთა თქმით, ეკიპაჟს ამოსაცნობ სისტემაში ნებისმიერი პორტის შეტანა შეუძლია. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ გემი ლიბანში მიემგზავრება.

ისკენდერუნი 200 კილომეტრზე მდებარეობს სირიის ქალაქ ბანიასის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან. როგორც იტყობინებიან, ტანკერი ბანიასში ჩასვლას აპირებდა, სანამ გიბრალტარში დააკავებდნენ ივლისის დამდეგს. სირიის ხმელთაშუაზღვისპირა პორტი თურქეთსა და ლიბანს შორის მდებარეობს. აშშ-მა ორდერი გამოსცა ტანკერის დასაპატიმრებლად. ვაშინგტონი ამას ასაბუთებს იმით, რომ, მისი თქმით, გემს კავშირი აქვს ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიასთან, რომელიც აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG