Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩორჩანის გარშემო შექმნილ ვითარებაზე მოლაპარაკება მომავალ კვირაში ერგნეთში გაგრძელდება


კახა ქემოკლიძე
კახა ქემოკლიძე

„შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის ძალიან სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც შევუდგებით დღეიდანვე“ - ამის შესახებ რუსეთის საოკუპაციო ძალების და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ.

შეხვედრა, რომელშიც ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ოკუპირებულ სოფელ წნელისთან.

კახა ქემოკლიძის ინფორმაციით, ტექნიკურ შეხვედრაზე არ განხილულა სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს ადგილმდებარეობის საკითხი. მისივე თქმით, თბილისის პოზიცია ზოგადად, უცველლია და საგუშაგოს აღებას არ აპირებენ.

კახა ქემოკლიძის თქმით, სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს მდებარეობასთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალურ მთავრობას და დე ფაქტო ხელისუფლებას აქვთ დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მიუხედავად ამისა, კონსტრუქციული თანამშრომლობის პრობლემას ვერ ხედავენ.

ქემოკლიძის ინფორმაციით, ამ პათოსს იზიარებდა შეხვედრის ყველა მონაწილე, ისევე, როგორც პოზიციას იმის შესახებ, რომ კიდევ უფრო კონსტრუქციულად უნდა გაგრძელდეს ერგნეთის შეხვედრები.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის განცხადებით, შეხვედრაზე წარადგინეს ყველა არგუმენტი, რომელიც საგუშაგოსთან დაკავშირებულ შფოთს აბათილებს. კახა ქემოკლიძის განმარტებით, მთავარი არგუმენტია ის, რომ საქართველოს პოლიციის თითოეული საგუშაგო რეალურად ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს სრულყოფას და არა პირიქით.

რაც შეეხება ოსური მხარის ულტიმატუმს, რომ ქართულ მხარეს საგუშაგო 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე უნდა აეღო, კახა ქემოკლიძის თქმით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მათი განზრახვა არასდროს ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი. ქემოკლიძის განცხადებით, ეს ცალსახად მნიშვნელოვანი და სწორი შეფასებაა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებას მომავალ კვირაში, ერგნეთში აპირებენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან 28 და 29 აგვისტოს შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების კონცენტრაცია.

29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას მოთხოვა, რომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე აიღოს ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგო.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა და იქ პოლიციის საგუშაგო განათავსა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG