Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ ბორცვაძე: საგუშაგო რჩება ამ ადგილას


„გარკვეული კითხვები საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით ბუნებრივია დაისვა, თუმცა არგუმენტები იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს ბლოკ საგუშაგო ამ ტერიტორიაზე განთავსებული, არ დაგიმალავთ, და ვერ მოვისმინე“. - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ რუსეთის საოკუპაციო ძალების და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა, რომელშიც ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ოკუპირებულ სოფელ წნელისთან.

„საგუშაგო განთავსებულია, ერთადერთი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კითხვები, რომელიც საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით გააჩნდათ ცხინვალის წარმომადგენლებს, ავუხსენით და განვუმარტეთ, რომ საგუშაგო ემსახურება ერთადერთ მიზანს - უსაფრთხოების დაცვას. ჩვენ ჩვენი დასაბუთება ვუთხარით და შესაბამისად, საგუშაგო რჩება ამ ადგილას. ჩვენი ბიჭები უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებენ. ჩვენი არგუმენტებით გარკვეულწილად დავარწმუნეთ ცხინვალის წარმომადგენლები, რომ ერთადერთი მიზანი, ჩვენი პოლიციელების, რომლებიც ამ საგუშაგოზე არიან განთავსებული არის უსაფრთხოების დაცვა“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან 28 და 29 აგვისტოს შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების კონცენტრაცია.

29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას მოთხოვა, რომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე აიღოს ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგო.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა და იქ პოლიციის საგუშაგო განათავსა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG