Accessibility links

ანატოლი ბიბილოვი: წნელისში სამხრეთ ოსეთის ბლოკბოსტიც განთავსდება


ოსური საინფორმაციო სააგენტო „Pec“ ავრცელებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის კომენტარს, რომელიც მან სოფელ წნელისთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ბიბილოვი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელია: ქართულმა მხარემ ჩორჩანაში პოლიციის ბლოკპოსტი უნდა აიღოს.

„ტექნიკური შეხვედრა დასრულდა, თუმცა საერთო აზრზე ვერ შევჯერდით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში ისევ გაგრძელდება“, - განაცხადა ბიბილოვმა.

ანატოლი ბიბილოვმა ასევე თქვა, რომ ოსური მხარე სოფელ წნელისში, რომელიც სოფელ ჩორჩანას ესაზღვრება, განათავსებს საკუთარ ბლოკპოსტს. მან ეს დავალება უკვე მისცა სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს, „რათა სოფლის მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს“.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ ჩორჩანასთან გამართული შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახა ქემოკლიძის განცხადებით, სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს მდებარეობასთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალურ მთავრობას და დე ფაქტო ხელისუფლებას აქვთ დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მიუხედავად ამისა, კონსტრუქციული თანამშრომლობის პრობლემას ვერ ხედავენ.

მისივე თქმით, თბილისის პოზიცია უცვლელია და ქართული მხარე საპოლიციო საგუშაგოს აღებას არ აპირებს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან 28 და 29 აგვისტოს შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების კონცენტრაცია.

29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას მოთხოვა, რომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე აიღოს ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგო.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა და იქ პოლიციის საგუშაგო განათავსა ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG