Accessibility links

სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, თალიბანმა ავღანეთის მეორე ქალაქზე მიიტანა იერიში


გავრცელებული ცნობებით, თალიბანის ექსტრემისტებმა ბოლო დღეებში ავღანეთის მეორე ქალაქზე მიიტანეს იერიში, მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებებზე აშშ-ის საგანგებო წარმომადგენლის განცხადებისა, რომ მოლაპარაკება მიუახლოვდა შეთანხმების მიღწევის ეტაპს, რომლითაც უნდა დასრულდეს ქვეყანაში თითქმის 18 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი.

ჩრდილოეთში მდებარე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ კუნდუზზე სისხლიანი თავდასხმიდან ერთ დღეში, 1 სექტემბერს, თალიბანის ექსტრემისტებმა იერიში მიიტანეს ბაღლანის პროვინციის დედაქალაქ პული-ხუმრიზე - აცხადებს პოლიცია.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსტრემისტებმა პული-ხუმრის ორ რაიონში დაიკავეს პოზიციები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ებრძვიან. "მთელი ქალაქი ჩაკეტილია" - ამბობს ბაღლანის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელი, საფდარ მუჰსინი და დასძენს: "თუ ცენტრალური მთავრობა სწრაფად არ იმოქმედებს, ვითარება შეიძლება გაუარესდეს".

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე აშშ-ის წარმომადგენლი, ზალმაი ხალილზადი ტვიტერზე წერდა, აშშ-ის და თალიბანის წარმომადგენლები უახლოვდებიან შეთანხმების მიღწევასო, ყატარში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მერვე რაუნდის ბოლოს. "ჩვენ შეთანხმების მიღწევის ზღვარზე ვართ, რაც შეამცირებს ძალადობას და ავღანელებს გზას გაუხსნის ერთად დასხდომისკენ და მდგრადი, ღირსეულის მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებისკენ" - წერდა ხალილზადი. მას შეთანხმების დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ დღეს მოგვიანებით ქაბულში აპირებდა გამგზავრებას, მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG