Accessibility links

დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორის ჩაკეტვას აპირებს


ახალგორი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დაბა ახალგორთან მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვას აპირებს.

დაბის მცხოვრებთა ინფორმაციით, საგუშაგოზე გამოკრული განცხადების თანახმად, ე.წ. საზღვარი 3 სექტემბრიდან იკეტება. რამდენი ხნით, მითითებული არ არის. ახალგორელებისთვის უცნობია გადაწყვეტილების მიზეზიც.

ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ახალგორელებს ე.წ. საზღვრის დაკეტვის შესახებ სიტყვიერადაც აფრთხილებენ.

„დადიან და ეუბნებიან, ვისაც გინდათ წადით და ვისაც გინდათ დარჩითო. მიზეზს არავინ ამბობს, არც იმ დროს, თუ როდემდე იქნება ჩაკეტილი, ბრძანება გვაქვსო და მორჩაო” - უთხრა რადიო თავისუფლებას ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა.

ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, დაბის სასურსათო მაღაზიების მფლობელებიც უკვე გააფრთხილეს, რომ თბილისიდან შეტანილი პროდუქტი 10 სექტემბრამდე უნდა გაყიდონ და წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციებით დაემუქრნენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან "საზღვარზე" ერთადერთი, ე.წ. გამშვები პუნქტი ახალგორში აქვს გახსნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG