Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა "გირჩი" სექტანტობასა და ქვეყნისთვის სახიფათო საქმიანობაში დაადანაშაულა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთ პირველ და მთავარ საზრუნავად დაასახელა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა კატასტროფა და ტრაგედია უწოდა სავალდებულო სამხედრო გაწვევის სფეროში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს.

„მე ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობის და ჩვენი ოპონენტების, ნაცმოძრაობის და მათთან აფილირებული წევრების, ე.წ. გირჩის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ხდება პირდაპირი დეგრადაცია, მცდელობა, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის, თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოლტიკური პარტიის, „გირჩის“ ინიციატივით შექმნილია რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება," რომლის წევრობა ახალგაზრდებს ათავისუფლებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან.

5 სექტემბერს, საკომიტეტო მოსმენის დროს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ორგანიზება უნდა მოხდეს ცივილიზებულ სამყაროში აპრობირებული ფორმით და დასავლეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა მაგალითად მოიყვანა შვეიცარია, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული ჯარი ჰყავს და ღარიბაშვილის თქმით, უნიკალური გამოცდილება აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართულებით.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სამაგალითო უწოდა ისრაელის გამოცდილებასაც და იმედი გამოთქვა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის საკითხს პარლამენტთნ ერთად აქტიურად მოაგვარებენ.

„რაოდენობა გამოვითხოვე პირობითად, 18-დან 50 წლამდე მამაკაცების. აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი და რესურსი. მე ვფიქრობ, ჩვენი მთავარი პრობლემა არის სწორედ რესურსების არგამოყენება და ვერგამოყენება. სწორედ ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, კარგად წარმოვიდგინოთ, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ რეზერვი. დაახლოებით 785 ათასი მამაკაცი არის 18-დან 50 წლამდე დღეს საქართველოში. ჩვენ თუ ამას იმგვარად დავაორგანიზებთ, რომ ეტაპობრივად, დავუშვათ, ავიღოთ ათწლიანი პროგრამა - ათი წლის განმავლობაში ჩვენ ამ ადამიანებს გადავამზადებთ. სწრაფი კურსები იქნება, ოღონდ რეალური და სრულყოფილი კურსები. შეიძლება ექვსთვიანი იყოს, შეიძლება ცხრათვიანი, ან ეტაპობრივი რამდენიმე წელზე გაწერილი. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ მივიღებთ წლების განმავლობაში მილიონამდე მომზადებულ ადამიანს და მამაკაცს. ეს არის ჩვენი ქვეყნის რესურსი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული სწორად“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG