„ჩვენი უსაფრთხოების განზომილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი საგარეო პოლიტიკა, ჩვენი ევროატლანტიკური ორიენტაცია და ინტეგრაცია“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
გახარიას შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოს სერიოზული და ხელშესახები შედეგები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობებში. „რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად. შემდეგი ნაბიჯები უნდა იყოს საკანონმდებლო თავსებადობა, კონკრეტული და მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ის, რაც დღეს უნდა გავაკეთოთ და ეს არის ერთადერთი საფუძველი, რაზე დაყრდნობითაც შეგვეძლება ხვალ უფრო მეტი მოთხოვნები დავაყენოთ ჩვენი პარტნიორების წინაშე“ - თქვა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და საბოლოო მიზანი ალიანსში გაწევრიანებაა. გახარიას თქმით, უნდა გაგრძელდეს ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნები და ურთიერთობის ფუნდამენტად დარჩეს 2008 წლის დეკლარაცია.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს ძირითად პარტნიორთან არ უნდა გვქონდეს არანაირი შეზღუდვები, ნებისმიერი მიმართულებით, ეს უნდა იყოს ეკონომიკა, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრების ყველა მიმართულება“ - განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან პოზიტიური, ეფექტური და ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკისთვის ხელსაყრელი ურთიერთობების განვითარება და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობა.