კვირას გამართულ მოსკოვის დუმის (წარმომადგენლობითი კრების) არჩევნებში, 45-დან 20 ოლქში წინასწარი მონაცემებით იმარჯვებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის კანდიდატები, რომლებისთვისაც ხმის მიცემას ალექსეი ნავალნი მოუწოდებდა მოსახლეობას „გონივრული არჩევნების“ კამპანიის ფარგლებში
ბიულეტენების თითქმის 100 %-ის დამუშავების შედეგად, რუსეთის კომუნისტური პარტია იღებს 13 ადგილს, „სამართლიანი რუსეთი“ - სამს.
მოსკოვის საქალაქო დუმაში ხვდება პარტია „იაბლოკოს“ ოთხივე კანდიდატი - ევგენი ბუნიმოვიჩი, მაქსიმ კრუგლოვი, სერგეი მიტროხინი და პარტიის მიერ მხარდაჭერილი დარია ბესედინა.
25 ადგილი ექნებათ დამოუკიდებელ კანდიდატებს. მმართველი „ედინაია როსიას“ პოპულარობის მკვეთრი კლების გამო, პარტიის წევრებმა გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად ეყარათ კენჭის მოსკოვის დუმის არჩევნებში. შესაბამისად, მმართველ პარტიას მოსკოვის საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენელი არ ეყოლება.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა კვირას გამართულ მოსკოვის დუმის არჩევნებს უწოდა ყველაზე „კონკურენტუნარიანი“ და „ემოციური“ მთელი ბოლოდროინდელი ისტორიის განმავლობაში, ხოლო მოსკოვის პარლამენტი გახდა უფრო მრავალპლანიანი, რაც, მერის თქმით, მას სარგებლობას მოუტანს.
მოსკოვის სათათბიროს არჩევნებზე ხელისუფლებამ არ დაუშვა რამდენიმე ათეული დამოუკიდებელი კანდიდატი, რასაც ივლის-აგვისტოში მოსკოვში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა.
8 სექტემბერს რუსეთში გაიმართა ერთიანი არჩევნები მუნიციპალურ და ფედერალურ დონეზე, რომლის დროსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ირჩევდნენ გუბერნატორებს, ქალაქის მერებს და სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს.