Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WSJ: აშშ რუსეთს მიიჩნევს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზატორად


ზელიმხან ხანგოშვილი
ზელიმხან ხანგოშვილი

აშშ მიიჩნევს, რომ გერმანიაში ყოფილი ჩეჩენი მეამბოხის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთი დგას - ამის შესახებ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონში შიშობენ, რომ მოსკოვი აძლიერებს საზღვარგარეთ მყოფი, მტრებად მიჩნეული პირების მკვლელობის კამპანიას. ამერიკული გამოცემის წყარო ამბობს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ყალბი რუსული პასპორტი მხოლოდ ხელისუფლების დახმარებით ექნებოდა.

საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, ბერლინში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გერმანელი სამართალდამცავების მიერ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ვინმე ვადიმ სოკოლოვი.

ჟურნალ „შპიგელის“, საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის და გამოცემა Russian Insider-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სოკოლოვი ევროკავშირის ტერიტორიაზე შევიდა რუსეთის მოქალაქის ახალი, 2019 წლის ივლისში გაცემული პასპორტით. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავდაპირველად ჩავიდა საფრანგეთში, საიდანაც ბერლინში გაემგზავრა. გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა მსგავსი სახელის, გვარის და მონაცემების მქონე პირს ვერც ერთ მონაცემთა ბაზაში ვერ მიაკვლია.

ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის აქტიური მონაწილე იყო. მასზე თავდასხმა 2015 წელს, თბილისშიც განხორციელდა. მაშინ ხანგოშვილს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG