Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ები გიორგი გახარიას ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტის საფრთხეებზე მიუთითებენ


განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ადამიანის უფლებების, გარემოსა და კულტურული ძეგლების დაცვის თემებზე მომუშავე რვა არასამთავრობო ორგანიზაცია, საუბარია რუსეთისკენ მიმავალი მაგისტრალის პროექტის რისკებისა და საფრთხეების შესახებ. განცხადებას უერთდებიან ტურისტული კომპანიები.

განცხადების ავტორთა ცნობით, პროექტს რამდენიმე თვეა აპროტესტებს ხადის ხეობის მოსახლეობა.

„ხადის ხეობაზე გავლით არის დაგეგმილი ჩრდილოეთ-სამხრეთი სატრანსპორტო დერეფნის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის აშენება, რომელიც დაახლოებით 9 კმ სიგრძის ხეობაში ხუთი, მათ შორის, 9 კმ-იანი გვირაბისა და ექვსი, მათ შორის, 426 მეტრის სიგრძის ხიდის აგებას გულისხმობს. ხადელებმა პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერებიც შეაგროვეს“, - აღნიშნულია წერილში.

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ პროექტი სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო და ის განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადის ისტორიულ მემკვიდრეობას.

„პროექტი საფრთხეს უქმნის მხოლოდ ხადაში აღმოჩენილ უნიკალურ კოშკებს და ენეოლითის ხანის არქეოლოგიას; გამორჩეულ ბიომრავალფეროვნებას, წითელ ნუსხაში შეტანილი არაერთი სახეობით; ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალაშქრო-ტურისტულ მარშრუტს და ხადის ისტორიული სოფლების მოსახლეობის კეთილდღეობას. პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმოლოგიურ რისკებს“, - მიიჩნევენ წერილის ავტორები.

როგორც განცხადების ავტორები მიუთითებენ, პროექტის ძირითადი მიზანია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის და ტრანზიტის გაძლიერება, რაც ასევე პრობლემურია ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარე.

განცხადების თანახმად, 23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა ჯამში 560 მლნ აშშ დოლარამდე დაჯდება, საიდანაც 475 მლნ აშშ დოლარს ADB-ი და EBRD-ი სესხის სახით გამოუყოფენ მთავრობას. გზის მშენებლობა მოიცავს შემდეგი ინფრასტრუქტურის აგებას: 5 გვირაბი, ჯამური სიგრძით 11.4 კმ; ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ იქნება. 6 ხიდი, ჯამური სიგრძით 2 კმ. მათ შორისაა, უზარმაზარი - 426 მ სიგრძისა და 166 მ სიმაღლის თაღოვანი ხიდი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, წერილის ადრესატები არიან აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტები.

ხელმომწერები პრემიერ-მინისტრს და საერთაშორისო ბანკებს სთხოვენ, საზოგადოების ფართო ჩართულობით მოიძებნოს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში ხადის ხეობის ოპტიმალური ალტერნატივა, რომელიც ხეობასა და მის მცხოვრებლებს განადგურების საფრთხეს ააცილებს და სხვადასხვა მიმართულების სათანადო კვლევის შემდეგ განხორციელდება.

წერილს ხელს აწერენ:

„მწვანე ალტერნატივა“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ეროვნული ფონდი

საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო)

საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა

საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია

ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG