Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვა ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს სოხუმის და ცხინვალის ბილეთების აღებას ურჩევს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა

რუსეთი დასავლეთს ადანაშაულებს ამიერკავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადების მიხედვით, დესტაბილიზაციის მცდელობად შეფასებულია დასავლეთის სახელმწიფოების მიერ საქართველოს მხარდაჭერა.

„ჩვენი დასავლელი, განსაკუთრებით ამერიკელი კოლეგები შესაშური სიჯიუტით განაგრძობენ უსაფუძვლო ბრალდებებს რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ და ამასთან, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ ამიერკავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას, ყველაფერს აკეთებენ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის“, - თქვა ზახაროვამ საგარეო საქმეთა სამინისტროში 12 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ზახაროვას განცხადებით, საქართველოს იარაღით ტენიან და სამხედრო ბლოკებში ითრევენ, რასაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში ხსნიან ამ სახელმწიფოს და მთლიანად რეგიონის „რაღაც სტაბილურობის“ მოტივით და მუდმივად საუბრობენ რუსულ ოკუპაციაზე.

ზახაროვამ კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ 2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე აშშ-ის გავლენით მიღებული გადაწყვეტილება ნატოში საქართველოს გარანტირებული გაწევრიანების შესახებ, სააკაშვილის ხელისუფლებამ აღიქვა „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ აგრესიის პირდაპირ სიგნალად. ზახაროვას განცხადებით, სწორედ ამ აგრესიის შედეგად შეიცვალა რეგიონში არსებული ვითარება, რომლის წინაპირობებსა და მიზეზებს დასავლეთის ანალიტიკოსები და ოფიციალური პირები ჯიუტად არ აღიარებენ.

„რეალიები ასეთია: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რუსეთის სამოკავშირეო დახმარებაზე დაყრდნობით, რომელიც მათი უსაფრთხოების გარანტიაა, საკუთარ სახელმწიფოებრიობას ამტკიცებენ და წარმატებით ვითარდება მათი ეკონომიკა, სოციალური სფერო, საგარეო ვაჭრობა და საერთაშორისო კავშირები“ - თქვა ზახაროვამ. მისივე მტკიცებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება და მაგალითად, "სამხრეთ ოსეთში" საქართველოზე მაღალი პენსიაა.

ზახაროვას შეფასებით, "ქართული აგრესიის და ეკონომიკური ბლოკადის შედეგად სერიოზულად დაზარალებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად შედგნენ," აქვთ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, ვითარდება პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესები და მტკიცდება საერთაშორისო კავშირები. ამის ბოლო მაგალითად ზახაროვამ მოიყვანა სირიის მიერ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთთან" დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.

„თუ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს და მათ, ვინც საინფორმაციო თვალსაზრისით ემსახურებიან, სურთ გაიგონ რეალური სიტუაცია ამ რესპუბლიკებში, უბრალოდ იქ უნდა ჩავიდნენ. როგორც ამბობენ, სიმართლე უფასოა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ფასი აქვს და ეკვივალენტურია ღირებულების იმ ბილეთისა, რომელიც შეგიძლია იყიდო, ჩახვიდე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰკითხო, რას ფიქრობენ რეგიონში და მათ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე, როგორ აფასებენ საკუთარ რეალიებს და მათ ნაცვლად არ მოიგონო მთელი ისტორია“, - განაცხადა ზახაროვამ.

XS
SM
MD
LG