Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დათა ვანიშვილი: 88 წელიწადი აქ ვცხოვრობ და ეხლა გავხდები რუსეთის მოქალაქე?!


დათა ვანიშვილი
დათა ვანიშვილი

„როგორა ვარ, გენაცვალე, ჩემი თავი შემოგევლოთ... არც პატიმარი ვარ... ამის გარეთაც არსად არ მიშვებენ. 88 წელიწადი აქ ვცხოვრობ და ეხლა გავხდები რუსეთის მოქალაქე?!“ - ასე მიმართა სოფელ ხურვალეთში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გავლებულ მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს.

მავთულხლართების მეორე მხარეს მყოფ მედლინ მუნს დათა ვანიშვილმა უამბო, რომ შეზღუდული აქვს წვდომა პენსიაზე, სამედიცინო მომსახურებასა და საკუთარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სოფლის გაყოფის შემდეგ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დარჩა.

„რა ვჭამო, რითი ვიარსებო? ხან ვინ მომაწვდის და ხან ვინ. როდემდე ვიყო ასე“, - თქვა დათა ვანიშვილმა. მას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არც იმის უფლებას აძლევენ, რომ ავადმყოფი ცოლი გორის ან თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში წაიყვანოს.

დათა ვანიშვილის თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მავთულხლართებთან ას მეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას უკრძალავენ და დაკავებით ემუქრებიან: „შვილიშვილი მყავს 25 წლის, თუ დაგინახეთო ას მეტრზე ახლოს, ცხინვალში კი არ წაგიყვანთ, პირდაპირ რუსეთში და შეგაგდებთ კამერაშიო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG