Accessibility links

site logo site logo

კუჩმა შიშობს, რომ საფრანგეთი და გერმანია შეეცდებიან, ზელენსკი რუსეთის მიმართ დათმობებზე დაიყოლიონ


ლეონიდ კუჩმა

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, რომელიც დონბასის რეგიონის კონფლიქტის დარეგულირების საკონტაქტო ჯგუფის წევრია, Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა შიში, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები უკრაინას რუსეთის მიმართ დათმობებისკენ მოუწოდებენ, კერძოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არჩევნების გამართვის საკითხში.

„დიდი იმედი არ მაქვს. ზელენსკის ძალიან გაუჭირდება, ის ერთი იქნება სამი ადამიანის წინააღმდეგ“, მოჰყავს სააგენტოს კუჩმას სიტყვები იმის თაობაზე, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთად შეეცდებიან, კომპრომისებზე დაიყოლიონ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

კუჩმამ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, არჩევნები შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დონბასიდან გაყვანილ იქნება მძიმე შეიარაღება და ჯარი, ასევე რუსეთთან საზღვარზე კონტროლი გადავა უკრაინის ხელისუფლების ხელში.

უკანასკნელ ხანებში, განსაკუთრებით რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრებისა და დაკავებული პირების გაცვლის შემდეგ, გააქტიურდა დისკუსია მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად საჭირო შემდგომი ნაბიჯების შესახებ. მათ შორის საუბარია არჩევნების ჩატარებაზე დონბასის იმ რაიონებში, რომლებსაც კიევი ვერ აკონტროლებს. განსაკუთრებით აქტიურია საფრანგეთი, რომელიც ითხოვს, რაც შეიძლება მალე გაიმართოს უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრა შემდგომ ნაბიჯებზე მოსალაპარაკებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG