Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი გახდა ირანში ათი წლით პატიმრობაში მყოფი ავსტრალიისა და ბრიტანეთის მოქალაქის ვინაობა


კაილი მორ-გილბერტი
კაილი მორ-გილბერტი

ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მოქალაქე მეცნიერი ქალი, რომელიც 10 წლით პატიმრობას იხდის ირანის ციხეში, არის კაილი მორ-გილბერტი. მეცნიერის ვინაობა მისმა ოჯახმა გამოაცხადა ინფორმაციაში, რომელიც 14 სექტემბერს გავრცელდა ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. განცხადებაში ოჯახის წევრები წერენ, რომ ისინი მჭიდრო კავშირში არიან ავსტრალიის მთავრობასთან და რომ „კაილის მშვიდობიანად დაბრუნების უზრუნველსაყოფად საუკეთესო საშუალებაა დიპლომატიური არხებით მოქმედება“.

დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მედიის ცნობით, მორ-გილბერტს ირანის ხელისუფლებამ ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ბრალდება ბუნდოვანია. მორ-გილბერტი ლექტორად მუშაობდა მელბურნის უნივერსიტეტში და სპეციალიზებული იყო ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაზე, როცა 2018 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. ის ერთ-ერთია იმ სამ ავსტრალიელთაგან, რომლებიც ირანში იმყოფებიან პატიმრობაში.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის პეინმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა ერთ კვირაზე მეტი ხანია მუშაობს მის გათავისუფლებაზე. 10 სექტემბერს ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ დანარჩენი ორი დაკავებული პირია ავსტრალიელი მარკ ფერკინი და ბრიტანელ-ავსტრალიელი ჯოლი კინგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG