„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, "პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქცია თავისი შინაარსით მავნებლური და პოლიტიკურ მიზანზე ორიენტირებული იყო:
„არ შეიძლება ვინმე კრამერის საქციელი, აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი დაუკავშირო ამერიკის შეერთებულ შტატებს. და ამის მინიშნება აშკარად იგრძნობოდა გუშინ. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანა და არანაირად არ არის დაკავშირებული კრამერის თუ ამ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელზე ან განცხადებებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებამაც კარგად გაიგო. თუმცა მცდელობა იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან, ქართველების და საქართველოს მიმართ, აშკარად იყო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
15 სექტემბერს "პატრიოტთა ალიანსმა" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართა აქცია, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანის მეთიუ ბრაიზას პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოითხოვეს. მათი მოთხოვნა უკავშირდებოდა რამდენიმე დღის წინ "თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს. კონფერენციაზე ირმა ინაშვილი დაუპატიჟებლად მივიდა.
15 სექტემბერს "პატრიოტთა ალიანსის" მიერ აშშ-ს საელჩოსთან გამართულ აქციაზე ისმოდა ანტიდასავლური და ნატოს საწინააღმდეგო პოლიტიკური მესიჯები.