Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"42-ე მუხლი“ მოითხოვს გასაჯაროვდეს მოსამართლე კანდიდატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები


„მოვუწოდებთ სასამართლო ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში გაასაჯაროოს და პარლამენტისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მოსამართლე კანდიდატების მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნულია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ წარსულში გამოტანილი განაჩენების (განჩინების) გადმოცემის მოთხოვნით, თუმცა საქალაქო სასამართლომ აღნიშნულზე უარი განაცხადა. სასამართლოს თანახმად, უარის მოტივი გახდა ის, რომ „ცალკეული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა, დამუშავება და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსება არ ხორციელდება“.

„კონსტიტუციის 42- მუხლი“ საზოგადოებას სასამართლოს გადაწყვეტილებების ღიაობისა და საჯაროობის საკანონმდებლო ნორმებს შეახსენებს და აღნიშნავს, რომ იმ ფონზე, როდესაც მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის „უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და ღია პროცედურები“ დააანონსა, კანდიდატების პროფესიული გამოცდილების შესწავლის გარეშე ეს პროცედურები მოკლებულია რეალურ შინაარსს.

4 სექტემბერს დასრულდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პირველი ეტაპი, რის შედეგად შედგენილი 20-კაციანი სია განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეცა. აღნიშნულ სიაში 14 კანდიდატი საერთო სასამართლოების ყოფილი ან მოქმედი მოსამართლეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG