Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთის სკოლაში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს


ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები დაურიგეს და სამახსოვრო ფოტოც გადაუღეს - ფოტო სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ერთ-ერთმა მშობელმა ატვირთა, მომხდარის შესახებ, თავის მხრივ, სიუჟეტი მოამზადა აჭარის ტელევიზიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის პირველი ბ კლასის დამრიგებელმა ქეთევან ვეკუამ პირველკლასელებს ყელსახვევები ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საჩუქრად დაახვედრა - ვაჟებს - ლურჯი, ხოლო გოგონებს - ბორდოსფერი.

როგორც ქეთევან ვეკუამ განუცხადა აჭარის ტელევიზიას, ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის, ქსოვილი თავისი ფინანსებით შეიძინა და გადაწყვეტილება სკოლის დირექციასთან არ შეუთანხმებია. მისი თქმით, ამ საჩუქრის ერთადერთი მიზანი საკუთარი მოსწავლეების სხვა მოსწავლეებისგან გარჩევა იყო:

"მთავარი იდეა იყო, გამომერჩია, ჩემი პირველკლასელი ბავშვები რომ დარბოდნენ კოლიდორში ლამაზ ფერებში, უცებ დაუძახებდი, აბა, მოდი, საბა, მოდი, ანა-მარია. ლურჯი ყელსახვევი და ბორდოსფერი ყელსახვევი საჩუქრად გაუკეთა მათ დამრიგებელმა, ანუ მე", - აღნიშნა ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგმა ქეთევან ვეკუამ აჭარის ტელევიზიასთან საუბარში.

მომხდართან დაკავშირებით აჭარის განათლების რესურსცენტრის ინიციატივით მოკვლევა დაიწყო. რესურსცენტრში აღნიშნავენ, რომ სასწავლო ფორმა და სიმბოლიკა ადმინისტრაციასთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო, ესკიზების შესახებ თანხმობა უნდა ყოფილიყო სამეურვეო საბჭოსგანაც, რაც არ მომხდარა. სამეურვეო საბჭო სკოლის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG