Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EUMM: ყურადღებით ვაკვირდებით ჩორჩანა-წნელისის არეალში მიმდინარე მოვლენებს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთში განვითარებულ მოვლენებს. მისიის საპატრულო ძალები 24 აგვისტოდან მუდმივად ამ ადგილებში რჩებიან, - აცხადებს EUMM.

კერძოდ, განცხადების ტექტში ვკითხულობთ:

„შექმნილი ვითარების მიმართ მედიის ინტერესის გათვალისწინებით, და საიმისოდ, რომ გაქარწყლდეს გარკვეული არაზუსტი ცნობები, მისიას სურს გაავრცელოს შემდეგი ინფორმაცია:

მიმდინარე წლის იანვრიდან მისიამ შეამჩნია საღებავით დატანილი ნიშნები ხეებზე, წნელისსა და ჩორჩანას შორის არეალში. მისია ამას 'ბორდერიზაციის' გამოვლინებად აფასებს. თუმცა, ნიშნების დატანაზე პასუხისმგებლობა არც ერთ მოთამაშეს არ უკისრია.

20-დან 24 აგვისტომდე მონაკვეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ ახალი სადამკვირვებლო საგუშაგო იქნა აღმართული სოფელ წნელისის შემოგარენში. EUMM-ის მონაცემებით, საგუშაგო აღმართულია დაახლოებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან და მდებარეობს თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე, ამ სივრცეში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მდებარეობის ტრადიციული აღქმის გათვალისწინებით.

სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გასულ კვირაში აღმართეს ახალი პოზიციები და განათავსეს ბორდერიზაციასთან დაკავშირებული რამდენიმე ნიშანი, მათ შორის 'მწვანე ნიშნები' და დროშები თბილისის მიერ ადმინისტირებულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზიდან, როგორც ეს ტრადიციულადაა აღქმული ამ ადგილებში.

ეს ნიშნები მდებარეობს 1,3 კილომეტრის მოშორებით ადმინისტრაციული გამყოფი გაზიდან. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქნეთა სამინისტროს დანაყოფებმა ასევე გააძლიერეს წარმომადგენლობა ჩორჩანის სატყეო სივრცეში.

მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე უსაფრთხოების სფეროს შეიარაღებული მოთამაშეების მნიშვნელოვან, კვლავ მიმდინარე ყოფნას. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან რამდენიმე ახალი პოზიციის დაარსება და შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია ზრდის შეჯახები პოტენციალს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას.

მისიის მიერ ადმინისტრირებული ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გასაცვლელად და ადმინისტრაციულ გამყოფი გაზის გასწვრივ გაჩენილი საკითხების წარმოსაჭრელად. ცხელი ხაზის ამოქმედებას EUMM ამატებს მუდმივ საპატრულო წარმომადგენლობას ადგილზე.

EUMM-მა და ეუთომ 29 აგვისტოს შემდეგ კოორდინირება გაუწიეს ოთხ საგანგებო ტექნიკურ შეხვედრას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რათა შემცირდეს დაძაბულობა და ამოცნობილ იქნას შესაძლო კონკრეტული გამოსავალი უფრო პერმანენტული დეესკალაციისთვის.

ბოლო ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში ჩატარდა პარასკევს, 13 სექტემბერს. შეხვედრამ ჩაიარა პროფესიულ ატმოსფეროში, თუმცა პოზიციები კვლავ შეუთავსებელი დარჩა. დადებითია ის, რომ ყველა მონაწილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება გარკვეული საბაზისო პრინციპების მიმართ, რათა თავიდან იქნას აცილებული კიდევ უფრო მეტი ესკალაცია ჩორჩანა-წნელისის არეალში, ასევე ერთგულება მშვიდობიანი გამოსავლის პოვნის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაპირებები აისახოს ადგილზე, რეალურ წარმომადგენლობაში და მოქმედებებში.

მისია ასევე აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ადამინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, 2019 წლის 4 სექტემბრის 20:00 საათიდან დაკეტილი რჩება ორი გამშვები პუნქტი, ოძისი და სინაგური. კონკრეტული ცნობები არ არის იმის შესახებ, თუ როდის გაიხსნება ისინი, სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლების განცხადებებით კი ამ პუნქტების დახურვა უკავშირდება ჩორჩანა-წნელისის არეალში მიმდინარე მოვლენებს. მისია ამ ზომებს განიხილავს გადაადგილების შემზღუდველად და ზიანის მომტანად, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახალგორის ხეობაში ცხოვრობს, ან რეგულარულად დადის. პუნქტები, რომლებიც ახლა დახურულია, დღეში დაახლოებით 400-ჯერ იკვეთებოდა ორივე მიმართულებით, EUMM-ის მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე ჩატარებული კვლევის თანახმად".

XS
SM
MD
LG