Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პენსი: აშშ სწავლობს საუდის არაბეთზე განხორციელებული თავდასხმის გარემოებებს


ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი
ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ი სწავლობს მასალებს საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულ თავდასხმებთან ირანის კავშირის შესახებ და მზად არის დაიცვას საკუთარი და მოკავშირეების ინტერესები ახლო აღმოსავლეთში.

„ჩვენ ვაფასებთ ყველა მტკიცებულებას, კონსულტაციებს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან. ხოლო პრეზიდენტი უახლოეს დღეებში განსაზღვრავს მოქმედების ოპტიმალურ კურსს“, - აღნიშნა პენსმა, ანალიტიკური ცენტრ „ჰერიტიჯ ფაუნდაიშენში“ გამოსვლის დროს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის გასცეს პასუხი ამ თავდასხმას, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ არ სურს ომი.

ვიცე-პრეზიდენტ პენსის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პოპმეო მიდის საუდის არაბეთში, რათა განიხილოს რეაქცია მომხდარ თავდასხმაზე.

„აშშ ყველა საჭირო ზომას მიმართავს თავისი ქვეყნის, ჩვენი შეიარაღებული ძალების და სპარსეთის ყურეში ჩვენი მოკავშირეების დასაცავად. ამის იმედი გქონდეთ“, - აღნიშნა პენსმა.

თუ ირანმა საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში განახორციელა იმის იმედით, რომ აიძულებს ტრამპს შეარბილოს სანქციები, მაშინ ეს სტრატეგია უშედეგოა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

შაბათს, ნავთობგადამამუშავებელ კომპანია „არამკოს“ (Aramco) ორ ქარხანაზე ჯერ კიდევ გათენებამდე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად, დღე-ღამეში 5 მილიონი ბარელით შემცირდა ნავთობის მოპოვება.

საუდის არაბეთის ნავთობმომპოვებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ იერიშებზე პასუხისმგებლობა აიღეს იემენში მოქმედმა, ირანის მიერ მხარდაჭერილმა, ჰუთიტმა მეამბოხეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ იერიშში მონაწილეობდა 10 უპილოტო აპარატი. მაგრამ მსოფლიო მედიაში გაჩნდა აზრი, რომ თავდასხმა ირანის ან პროირანული ძალების მიერ იყო ორგანიზებული.

XS
SM
MD
LG