Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირი 2009 წლიდან იძებნება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებული ერთ-ერთი პირი 2009 წლიდან იძებნება.

„როდესაც ჩვენ მივიღეთ აქტი, სადაც ეწერა, რომ ესა და ეს პატიმარი გაათავისუფლეთ და აღმოჩნდა, რომ ეს პატიმარი ჩვენს სისტემაში არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, წინა ხელისუფლების პირობებშიც კი არ ყოფილა იმიტომ, რომ 2009 წლიდან არის ძებნილი, ეს ფაქტი, უბრალოდ, იმას ადასტურებს, რომ არავითარი კონტაქტი, სამწუხაროდ, მარიამობის შეწყალებაზე, ორ სისტემას შორის არ ყოფილა“, - უთხრა დღეს, 18 სექტემბერს, ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პენიტენციარული სისტემა და მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვერ ჩაანაცვლებენ. „პრეზიდენტი არის პრეზიდენტი, თავისი უფლებამოსილებებით, მან დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რისთვისაც საჭიროა სისტემის ახლებურად აწყობა, რაც სულაც არ არის რაიმე კომპლექსური ან ძნელი სამუშაო. საჭიროა ამისთვის, რომ თავად პრეზიდენტი ჩაუდგეს ამ პროცესს სათავეში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

18 სექტემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიციელის და ახალგაზრდის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტი.

XS
SM
MD
LG